ქართული ღვინის კულტურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, ინოვაციურ ფორმატში პოულობს გაგრძელებას – ერთი პირადი აღმოჩენით შთაგონებულმა იდეამ დასაბამი მისცა სტრატეგიულ სამაგიდო თამაშს „მეღვინეობა“. პროექტი, რომელიც თვითგანათლების სურვილიდან დაიბადა, დღეს უკვე მრავალმხრივი გუნდური მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებული პროდუქტია, რომელიც ახალგაზრდებს თამაშის პროცესში აცნობს ქართულ მეღვინეობას, მის მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ ლოგიკას. „მეღვინეობა“ ერთდროულად გასართობიც არის და შემეცნებითიც – მასში ტრადიცია, ცოდნა და სტრატეგიული აზროვნება ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის.

ნიკა ხვედელიძე, სამაგიდო თამაშის „მეღვინეობა“ ავტორი:
– ღვინის კულტურას ყველა ქართველი სცემს პატივს და რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახიც. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს თავისუფალ დროს გული სულ სოფელში, თავისი ვენახისკენ მიუწევდა და რთველზე მთელი ოჯახიც ვიკრიბებოდით, ქართული ყურძნის ჯიშების შესახებ სიღრმისეული ცოდნა არ მქონდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი ერთი შვებულება, როდესაც რაჭაში აღმოვჩნდი და სადაც ნამდვილი ხვანჭკარის შოვნა ძალიან გაგვიჭირდა, მეტიც, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ყურძნის ზოგიერთი ჯიში უიშვიათესია. ამ ფაქტმა მომცა ბიძგი, მეტი გამეგო ყურძნის ქართულ ჯიშებზე და გამიჩნდა იდეაც, თამაშ-თამაშით გამეთვითცნობიერებინა სხვა ახალგაზრდებიც ქართული ღვინის კულტურაში. ასე დაიბადა სამაგიდო თამაში „მეღვინეობა“.
თამაშის შექმნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. მასში 20-მდე პროფესიის ადამიანი ჩაერთო, ეს პროექტი რომ შემდგარიყო. საბოლოოდ, თამაში გამოვიდა შემეცნებითიც და სტრატეგიულიც.

„მეღვინეობა“ ითამაშება კარტებით (რომლებზეც გამოსახულია ყურძნის ჯიშები და ინფორმაცია მათ შესახებ, ამა თუ იმ კუთხის ტიპური მაცხოვრებლები), თამაშს ჰყავს სამიდან შვიდამდე მონაწილე, რომლებიც აგროვებენ ყურძნის ჯიშებს, ვაჭრობენ, აშენებენ საკუთარ ვენახს და აგროვებენ ქულებს. თამაშის ხანგრძლივობა დამოკიდებული იმაზეა, რამდენად აზარტულები არიან მოთამაშეები, ისე კი, მინიმუმ ნახევარი საათი მაინც არის საჭირო.
თამაშის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ვაჭრობა – მოლაპარაკებებით უნდა შევაგროვოთ რაც შეიძლება დიდი ვენახები. მაგალითად, იქიდან გამომდინარე, რომ რქაწითელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია და იაფი ღირს, ჩხავერი კი შედარებით უფრო ნაკლებია და ძვირად ღირებული, კარტის დასტაში რქაწითელგამოსახული კარტი მეტია, ჩხავერი – ცოტა. თუ ჩვენს მოწინააღმდეგეს აქვს ჩხავერის ვენახები, მას შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკება, რომ ჩხავერის ერთი ვენახის სანაცვლოდ, ვთქვათ, რქაწითელის სამი ვენახი დავთმოთ. ამ გარიგებებით ჩვენ ავტომატურად ვსწავლობთ ვაზის ჯიშებს, რომელი უფრო იშვიათია და ა.შ. მაგალითად, ხვანჭკარა ბევრს ჰგონია, რომ არის ყურძნის ჯიში, სინამდვილეში, ამ დასახელების ღვინო ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ნაზავია.

თამაშის დროს სახალისო მომენტებიც იქმნება, მაგალითად, შეგვიძლია გამოვიწვიოთ სეტყვა, გვალვა და სხვა სტიქიური მოვლენები, რათა ზარალი მივაყენოთ მოწინააღმდეგს.
დიდი სურვილი გვაქვს, სამაგიდო თამაში „მეღვინეობა“ გასცდეს საქართველოს, რათა მისი მეშვეობით უფრო მეტ უცხოელს გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა. ამასთან, ვგეგმავთ, ჩვენი თამაშის პერსონაჟები სუვენირებად ვაქციოთ, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებული გვაქვს.
