LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უსახელოური“ – ხვამლის მთის მისტიკით გაჟღენთილი ღვინო

193
12

„ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოს“. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ შემოსევებით აოხრებულ ქვეყანაში თუ რამ საჭურჭლე (საგანძური) შემორჩა, ყველაფერი ხვამლის გამოქვაბულებში იყო დაბინავებული. ასე შეიქმნა ხვამლის ლეგენდა, რომლითაც გიგანტურმა და მიუდგომელმა მთამ მეტი მისტიკა შეიძინა.

ხვამლის მთაზე გადამალული საგანძურის თემით სხვადასხვა დროს არაერთი ისტორიკოსი დაინტერესებულა. საკითხისადმი ინტერესი სტალინსაც ჰქონდა. მისი პირდაპირი დავალებით ექსპედიციაში მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ორჯერ გაგზავნეს. შემდგომ წლებშიც მთის მიუვალ გამოქვაბულებსა და გვირაბებში არაერთი სამთო ექსპედიცია ჩატარდა. საგანძური ვერა, მაგრამ ქვაბულის კედლებზე მნიშვნელოვანი პიქტოგრამები კი აღმოაჩინეს, მათ შორის, ღვინის კულტურის აღმნიშვნელი გამოსახულებები, რომლებიც დღეს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ღვინის „ოყურეშის უსახელოურის“ ეტიკეტზეა დატანილი.

დიახ, უსახელოურის ჯიშის ყურძენი სწორედ ხვამლის მთის ფერდობებზე ხარობს, მთის იმ ფრაგმენტზე, რომელიც ცხენისწყლის ხეობის მხარესაა მოქცეული. არავინ იცის, ზუსტად რა პერიოდიდან ჩნდება კონკრეტულად ეს ჯიში, მაგრამ მისი წარმოება მე-20 საუკუნის შუა წლებიდან იწყება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში კი უსახელოურის ყურძნის ღვინო „უსახელოურის“ სახელით არაერთ საერთაშორისო კონკურსზე ხვდება. საერთო ჯამში ამ ღვინოს ხუთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, ორი ოქროს მედალი.

„ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც შაქრიანობის მიხედვით შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.

ღვინოს აქვს მუქი ალუბლისფერი შეფერილობა. კურკოვანი წითელი ხილის არომატი და წითელი მოცხარის ტონები. მისი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა მშრალი ღვინისთვის არ უნდა იყოს 13.5%-ზე ნაკლები, ხოლო ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისთვის 11,0%-ზე ნაკლები. შაქრიანობა მშრალ ღვინოში არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. ნახევრად მშრალში უნდა იყოს 4-18 გ/ლ-მდე, ნახევრად ტკბილ ღვინოში კი – 18-45 გ/ლ-მდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან და მხოლოდ იმ მიკროზონაში, სადაც ბუნებრივად ხარობს მისი მოსავალი.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ოყურეშის უსახელოური“ საქპატენტში 2022 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g