საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა (საქპატენტი) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ახალი ერთობლივი პროექტი, რომლის წარდგენაც საქპატენტის სათავო ოფისში დღეს გაიმართა, მიზნად ისახავს იმ ფერმერების, ასოციაციებისა თუ მეწარმეების მხარდაჭერას, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებულ ქართულ, უნიკალურ პროდუქციას აწარმოებენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გახსნა. მონაწილეებს დისტანციურად მიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დირექტორის მოადგილემ ჰასან კლეიბმაც.
„შერჩეული რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვის, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის შესახებ“ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტი პასკალ ბერნარდონი ქართველ მეწარმეებს საკუთარი საქმის უკეთესად მართვას შეასწავლის. დაგეგმილია მიზნობრივი ტრენინგები და სემინარები სწორი კომუნიკაციის დამყარების, პროდუქციის სწორად რეკლამირების და კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნითა და ადგილწარმოშობის დასახელებით ნიშანდებული სასურსათო პროდუქტი უფრო მომგებიანია, რაც სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი დასტურია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი კვლევა „მდგრადი სასურსათო სისტემების გეოგრაფიული აღნიშვნით გაძლიერება“. გეოგრაფიული აღნიშვნის ეკონომიკაზე გავლენის ანალიზი 9 თემატური მიმართულებით ჩატარდა, რომლის მიხედვით რეგიონის ადგილწარმოშობის დასახელების მონიშვნამ პროდუქტის ფასის საგრძნობი ზრდა (20%-დან 50%-მდე) განაპირობა.