„არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები” – პარლამენტთან „ლელო საქართველოსთვის” მდუმარე აქცია- პერფორმანსს მართავს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაისაჯონ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელები და ასევე, გატაცებული საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ტყვეობიდან.
„დღევანდელი აქციის მთავარი შინაარსი არის ის, რომ დაფიქსირდეს საზოგადოების ერთობა იმ დანაშაულთან მიმართებით, რომელსაც ტერორისტულ სახელმწიფო ჩადის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რაშიც უმოქმედობით, წახალისებით და არგაღიზიანების პოლიტიკით თანამონაწილეობს „ქართული ოცნება“, რომელმაც გაათამამა და გაათავხედა ტერორისტული სახელმწიფო რუსული კანონის ინიციირებით, პირდაპირი კავშირით კრემლთან, პირდაპირი ფრენების აღდგენით, ასი ათასი რუსის შემოდინებით ქვეყანაში და ა.შ..”, – აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.
აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა წლებში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველი გმირების ფოტოები გამოფინეს.
შეგახსენებთ, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.