ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა – China International Import Expo (CIIE) – გაიხსნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, დამთვალიერებელი 40-მდე ქართული კომპანიის პროდუქციას ორ მასშტაბურ პავილიონში ეცნობა, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, საბავშვო ტანსაცმელი.
შანხაიში საქართველოს დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობს, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან – ირაკლი ნადარეიშვილთან და გენადი არველაძესთან, ასევე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან არჩილ კალანდიასთან ერთად ქართული პავილიონები დაათვალიერა და მეწარმეებს გაესაუბრა.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მჭიდრო და ნაყოფიერია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გაცხადებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ინიციატივა, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მთავრობების ძალისხმევა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, თუმცა აღნიშნულ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს კერძო კომპანიების აქტიურობა და ინიციატივები ასრულებს“, – განაცხადა შამუგიამ.
ეროვნულ პავილიონში, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდიცაა წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის. ეროვნული პავილიონის სტუმრები ვიდეორგოლებით და საინფორმაციო ბუკლეტებით საქართველოს ტურისტულ, საინვესტიციო, სატრანსპორტო პოტენციალს ეცნობიან.
საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. მასზე 150-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს. გამოფენაში ქართული კომპანიების პროდუქცია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2018 წლიდან იფინება.