LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს, ფრთხილად იყვნენ

219
BeFunky-collage (2)

თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს, ფრთხილად იყვნენ, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ისაუბრა კირბალში საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე და მომხდარს „სულისშემძვრელი ამბავი“ უწოდა, მისი თქმით, „ეს უბრალო ტრაგედია არ არის“.

„შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას, ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო. მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? – იყო შაჰ – აბასი – 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალედინი – 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი. ამ ადამიანმა რა გააკეთა – არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში. არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც აღზარდა – ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა…

ამან [კირბალში მომხდარმა] დაგვანახა, რომ მამული არ უნდა მიატოვო. ძალიან მინდა, რომ საქართველოში ისეთი ცხოვრება იყოს, ამდენი ადამიანი რომ გასულია ქვეყნიდან, უკან დაგვიბრუნდნენ. როგორც მან არ მიატოვა… ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ. იქ ნებისმიერ გადასულზე, არა მარტო გიჭერენ… სარწმუნოება აქვთ მათ, კაცობა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ჩვენების იარაღი არის უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ჩვენ სწორად შევხედოთ, მის ღვაწლს შევხედოთ და ქართველებმა დავინახოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავიტანოთ. მტერი ისე არ დამარცხდება, ჩვენ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ. დროებითი გვაქვს წართმეული. მე არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც დათანხმდება რამის სანაცვლოდ ის ადგილი დათმოს. მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თვითონ მოუნდებათ კვლავ ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ ასეთ ამბებზე, უნდა ვისწავლოთ და ასეთი შემთხვევაა, როცა მან დაამარცხა მტარვალები. ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე, მალვაში უნდა იყვნენ და თავიანთი ხელისუფლება კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაადენინებს მაგ საქმის გამო, თქვენც იცით. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორად გვეცხოვროს ქართველებს

[თამაზ გინტურმა] მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყონ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g