LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან

117
ლევან

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად,  ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ლევან დავითაშვილმა მოაწერა.

მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა ისაუბრა „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების მნიშვნელობაზე როგორც მთლიანად ევროპული კავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ისე სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში.

„იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, წარმატებით განხორციელდება. ეს იქნება არსებულთან შედარებით ყველაზე ღრმა და გრძელი ელექტროგადამცემი კაბელი. ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები ერთობ დამაიმედებელია. ცხადია, ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ვერ განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მედიასთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო  ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა და მისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ენერგეტიკული ინტეგრაცია.

„ქვეყანაში 26 ათასზე მეტი მდინარეა და, რა თქმა უნდა, ეს განახლებადი ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. თუმცა, საერთო ძალისხმევითა და მთავრობის მიზანდასახული პოლიტიკით ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მეტი პროექტის განვითარებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორების ჩართულობით. ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება სრულ თანხვედრაში ჩვენს კლიმატის მიზნებთან. ამ ეტაპზე საქართველო ევროკავშირის მხოლოდ ასოცირებული წევრია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ევროპის საბჭო დეკემბრის შუა რიცხვებში დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g