28 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ლელა წურწუმია და დუეტ „ჯორჯიას“ წევრები მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც 12 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს და ორი ახალი სიმღერა წარადგინეს.
– (მაკა ზამბახიძე) პირველი სოლო კონცერტია და რა თქმა უნდა, უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ყველაფერზე ერთდროულად გვიწევს ფიქრი და ყველა წვრილმანზე ვნერვიულობთ. ძალიან ვღელავ, რადგან დეკორაცია და სცენის მოწყობა რატიმ აიღო საკუთარ თავზე, ვიცი, რომ დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავს, ამიტომ მეშინია, ვღელავ რამდენად შეძლებს კონცერტისთვის რესურსის შენარჩუნებას. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ კონცერტში ჩვენს ბენდთან ერთად სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ჩემს ჩაცმულობაზე ლელამ იზრუნა, რომელმაც უძვირფასესი – ელი სააბის ქსოვილი მაჩუქა კაბის შესაკერად, მერე კი, მეც და რატისაც დიეტის დაცვა გვაიძულა, რათა კონცერტისთვის საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით.