LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდების და ელექტრომობილების იმპორტმა ქვეყანაში საწვავის იმპორტი შეამცირა

21

2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 979,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 78,2 ათასი ტონით ანუ 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის სამი კვარტლის მდგომარეობით ადგილობრივი წარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებით მიღებულ იქნა: ბენზინი – 2197,7 ტონა, დიზელი – 8334,8 ტონა.

კავშირის ინფორმაციითვე, 2017 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,9 ათასი ტონა, რაც 16,9 ათასი ტონით ანუ 25,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ბოლო წლების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 16,5 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით ანუ 7,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 98,8 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში LPG-ის (თხევადი აირი) იმპორტმა შეადგინა 13,7 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ანუ 14,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. LPG-ის ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია აღნიშნული საწვავის საავტომობილო საწვავად გამოყენების მოხმარების ზრდით.

”ნავთობპროდუქტების იმპორტის სრული მონაცემები გვექნება იანვარში, როდესაც მოხდება დეკემბრის თვის მაჩვენებლების შეჯამებაც. თუმცა რეალური სურათი სავარაუდოდ არ შეიცვლება. საწვავის მოხმარებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში იზრდება ჰიბრიდული სახის ავტომობილებისა და ელექტრომობილების იმპორტი, რომლის გავლენაც მომავალ წლებში გაცილებით მეტი იქნება”, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.  

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 9 თვის შედეგებით მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა შეადგინა 46,608 ერთეული. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ყველა სახის ავტომობილის იმპორტი 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 20 პროცენტით.

2017 წლის 9 თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2017 წელის 9 თვეში საქართველოში განხორციელდა 11,652 ერთეული ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილის იმპორტი, რაც მთლიანად იმპორტირებული ავტომობილების 25 პროცენტს შეადგენს. 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფიქსირდება 260 პროცენტიანი ზრდა (8,414 ერთეულით მეტი).  წელს ჰიბრიდულ ძრავიანი ავტომობილების იმპორტი შედაგენდა 3,238 ერთეულს, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 5 პროცენტი იყო.

საქართველოში 2017 წელს იმპორტირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი არის ჰიბრიდული ძრავით. ასევე, ზრდა არის ელექტრო ძრავიანი ავტომობილების იმპორტში:  წელს 9 თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-ჯერ მეტი ელექტრო ძრავიანი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, სულ 467 ერთეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები