13 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ცნობილი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი რამაზ ჩხიკვაძე სტუმრობდა, რომელმაც 18 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ საღამოზე „რამაზ ჩხიკვაძე 95“-ზე ისაუბრა.
ბაბუ – საუკეთესო მეგობარი – საღამოსთვის მზადების პერიოდში ბევრი ძველი ისტორია გავიხსენე და სხვანაირად შევაფასე, შეიცვალა ბაბუს მიმართ დამოკიდებულებაც, რადგან ბავშვობაში, როცა მხოლოდ ვერთობოდი მასთან ერთად, ნაკლებად ვაცნობიერებდი, რამდენად მასშტაბურ პიროვნებასთან ვურთიერთობდი. მართალია, ვიცოდი, რომ მსახიობი იყო, მაგრამ მე ჩეხეთში დავიბადე, გავიზარდე და წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა საქართველოში, როგორ ძალიან უყვარდა ბაბუ ხალხს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა, საინტერესო იყო მასთან მეგობრობა, რადგან ხან ნარდის და ბანქოს, ხან პიანინოზე დაკვრას მასწავლიდა, ბევრს ვსეირნობდით და ვთამაშობდით, თუმცა გული მწყდება, რომ ნაკლებად ვუსმენდი და მისი არაჩვეულებრივი იუმორიც ნაკლებად მესმოდა იმ ასაკში.
სხვათა შორის, ბაბუს არ უნდოდა, რომ მე და ჩემი და მსახიობები ვყოფილიყავით. მართალია, მოახერხა და ჩემს დას გადააფიქრებინა, მაგრამ მე ვერ მომერია. ჩეხეთში, სამსახიობო სკოლაში სწავლისას ერთ-ერთ როლზე მომიწია მუშაობა, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩეხურად ვსწავლობდი. მართალია, ბაბუმ საერთოდ არ იცოდა ჩეხური, მაგრამ მაინც სწრაფად მიხვდა ყველაფერს და მანვე მამეცადინა, ყველა სცენა ჩემთან ერთად გაიარა დეტალურად.