ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი თავმჯდომარეობდა.
სიტყვით გამოსვლისას კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგების განვითარების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობა მთელ რიგ სტრატეგიულ პროექტებს ახორციელებს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებისთვის.
როგორც გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დარგების განვითარება წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტის – ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ვითარდება, რაც ერთგვარი გზამკვლევია მთავრობისთვის პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სტრატეგიის შესრულებაზე კოორდინაციასა და გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფას უწყებათაშორისი კომისია ახორციელებს.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2023 წლის 10 თვის სტატისტიკური მონაცემები. აღინიშნა, რომ მოცემულ პერიოდში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა 3.6%-ით და 22.8 მლნ ტონა შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები, კერძოდ, საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 607 224 TEU, რაც 61.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კომისიის სხდომაზე გაიმართა საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში მომზადებული რკინიგზის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ პრეზენტაციები.
კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფი. ამასთან, კომისია შეითავსებს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფციით გათვალისწინებული საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციასაც.
აღნიშნული უწყებათაშორისი კომისია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №314 დადგენილებით შეიქმნა, რომელშიც შედიან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.