LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძლებს საყვარელი ცნობილი ადამიანის ვიდეო მილოცვის სიმბოლურ ფასად შეძენას” – საქველმოქმედო პროექტი უკრაინის დასახმარებლად

102
ნინა-სუბლატი

19 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კომპოზიტორი პეკე ბეგაშვილი და მომღერალი ნინა სუბლატი სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ პროექტზე „მომავლის ნათელი მხარეზე“ ისაუბრეს.

(ნინა სუბლატი) მიხარია, რომ ხანგრძლივმა შრომამ შედეგი გამოიღო და თამამად შეგვიძლია წარვუდგინოთ პუბლიკას ჩვენი ახალი პროექტი – ძალიან საინტერესო პლატფორმა celebrgreetings, რომლის ნახვა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე შეიძლება, მისი მთავარი მიზანი კი, ქველმოქმედებაა. დარწმუნებული ვარ, მოგვიანებით უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება მთელი მსოფლიოდან, ჯერჯერობით კი, ქართველ ცნობილ სახეებს მოვუყარეთ თავი ყველა სფეროდან. მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძლებს საყვარელი ცნობილი ადამიანის ვიდეო მილოცვის სიმბოლურ ფასად – 4,99 ლარად შეძენას და მეგობრებისთვის დღესასწაულის მილოცვას, გადახდილი თანხის ნახევარი კი, უკრაინის დახმარების ფონდს გადაირიცხება.

მართალია, პიარის სფეროში ნაკლებად ვერკვევი, მაგრამ უკრაინის თემაა ძალიან ახლობელი, მით უფრო, რომ ძალიან ბევრს უნდა დახმარება. რა თქმა უნდა, საქველმოქმედო კონცერტები ეწყობა, თუმცა არა ყოველდღიურად, ჩვენი პლატფორმა კი, ყველასთვის კომფორტული და მოსახერხებელია. მიხარია, რომ უამრავი ცნობილი სახე შეუერთდა ჩვენს წამოწყებას და ყოველდღიურად იზრდება მათი რიცხვი. აქვე აღნიშნავ, რომ ძალიან მარტივია ჩვენს საიტზე დარეგისტრირება და ვიდეოს ატვირთვა, ასე რომ, ნებისმიერს შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს საკუთარი „მისალოცი ბარათი“. სიამოვნებით ვიმეგობრებთ ნებისმიერ ქართველ და უცხოელ ცნობილ სახესა და ცნობილ კომპანიასთან.

(პეკე ბეგაშვილი) თაყვანისმცემლები ხშირად სთხოვენ ცნობილ ადამიანებს დაბადების დღის ან სხვა დღესასწაულის მილოცვას, ჩვენი პლატფორმის წყალობით კი, ყველა შეძლებს მსგავსი სურვილის ასრულებას, რადგან საფასური მიზერული, ყველასთვის ხელმისაწვდომია.

პროექტის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა, რადგან მეც უამრავი მეგობარი მყავს, ვისაც მსგავსი თხოვნით მიმართავენ, თუმცა ჩვენს პლატფორმას ორმაგი დატვირთვა და სარგებელი აქვს, რადგან მსურველებს, რომლებიც მათთვის სასურველ ბარათს შეიძენენ და მეგობრებს გაახარებენ, ეცოდინებათ რომ კეთილი საქმე გააკეთეს და ქველმოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა. მართალია, ამ ეტაპზე უკრაინაში დაზარალებულთა დახმარებას ვცდილობთ, თუმცა მზად ვართ ნებისმიერ გლობალური პრობლემა გავიზიაროთ და სწორედ ცნობილი სახეების დახმარებით მოვიზიდოთ დონაციები სხვადასხვა სფეროს მხარდასაჭერად. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სიამოვნებით დამთანხმდა პროექტში მონაწილეობას განურჩევლად პროფესიისა და საქმიანობისა.

„მომავლის ნათელი მხარე“ – სწორედ ასე ჰქვია ჩვენს პროექტს, რადგან გულწრფელად გვჯერა, რომ ჩვენი წამოწყება ერთგვარი მარათონის ფორმას შეიძენს და სამუდამოდ თუ არა დიდი ხნით მაინც გაგრძელდება, რათა ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები