LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა შეყვარებული მანუ მურღულია და როგორ აისრულა დიდი ხნის ოცნება: „ბედნიერი ვარ იმით, რაც ჩემს თავს ხდება…“

885
მანუ მურღულია

მომღერალი და ინფლუენსერი მანუ მურღულია თავისი ბენდის პრეზენტაციას 30 მაისს, „რედისონ რედის“ ულამაზეს ეზოში გამართავს. ახლახან ის რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „Art FM“ ესტუმრა და თათა სადრაძესთან ბენდის შესახებ ისაუბრა, ასევე წარადგინა თავისი ახალი სიმღერის პრემერაც, რომელიც „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა. მანუმ მადლობა გადაუხადა ზაზა შენგელიასა და ალეკო ბერძენიშვილს, ასევე რადიო „ფორტუნას“ – გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

მანუ მურღულია:

ძალიან ბედნიერი ვარ იმ სიახლით, რომელიც ჩემს თავს ხდება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, რომ საკუთარი ბენდი მქონოდა, რომელსაც „მანუს ბენდს“ დავარქმევდი და ასეც მოვიქეცი. დიდი ხნის ნატვრა ავისრულე. ვამაყობ იმ სამი შესანიშნავი პროფესიონალი მუსიკოსით, რომელიც ჩემ გვერდითაა. რეპეტიციაზე რომ შემოიხედოთ, მიხვდებით, რომ ნახევარი სიტყვით ვუგებთ ერთმანეთს. ბიჭებს მოვიკითხავ – ლუკა ქიტიაშვილს, ლუკა ყარყარაშვილს და სანდრო სახამბერიძეს. ახლაც აქედან რეპეტიციაზე მიმეჩქარება.

თავიდან, როცა ვფიქრობდი, რა და როგორ მინდოდა, ვიფიქრე, რომ ქართული სიმღერების ახლებური ვერსიების გაკეთება იქნებოდა კარგი. ბიჭებსაც რომ შევხვდი და დაველაპარაკე, ისინიც ჩემს აზრზე იყვნენ. ვუკირკიტებთ ახალ თუ ძველ სიმღერებს და ვაკეთებთ ჩვენებურად, ვპოულობთ მივიწყებულ სიმღერებს. ვამზადებთ ინგლისურენოვან პროგრამასაც, რადგან ბაზარზე ამის მოთხოვნაც არის.

განსაკუთრებული ბენდი გყავს და სოლისტიც – გამორჩეული. მნიშვნელოვანია, რა კონცერტები გაქვთ წინ…

20 მაისს, „რედისონ რედში“ გვაქვს პირველი კონცერტი, სადაც საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი პროგრამის გარკვეულ ნაწილს. უკვე 31 მაისს კი ბათუმში მივემგზავრებით, სადაც ასევე პირველად გამოვჩნდებით დაგეგმილ ღონისძიებაზე. ვღელავ, მიუხედავად იმისა, რომ აქაც და საზღვარგარეთაც უამრავჯერ გამოვსულვარ სხვადასხვა სცენაზე…

რადგან კონცერტები და ნერვიულობა ვახსენეთ, საინტერესოა, თუ გაქვს რაიმე ტრადიცია სცენაზე გასვლის წინ?

სცენაზე გასვლის წინ პირჯვარს ვიწერ, რომ დავმშვიდდე. ვცდილობ, კარგი განწყობა შევიქმნა. ცუდზე ფიქრი ისედაც არ მიყვარს. ჩემს თავს ვეუბნები, რომ ადამიანები უნდა გავახარო და გავამხიარულო ჩემი სცენაზე გამოჩენით.

რადიო „ფორტუნას“ დღეს ახალი სიმღერა მოუტანე. შენი ინიციატივით ჩაიწერა?

თათა, შემირიგდები? (იღიმის). ბესო კალანდაძემ ადრე ჩვენთან ტელეეთერში შეასრულა სიმღერა „შემირიგდი“, რომელიც მაშინვე ძალიან მომეწონა. ზუსტად ამიტომ ავარჩიეთ ეს სიმღერა, გავაერთიანეთ კიდევ ერთ შესანიშნავ სიმღერასთან – „ლურჯი იები“. ვფიქრობ, მხიარული ვერსია გამოგვივიდა. რაც შეეხება სიმღერის ჩაწერასა და გაშალაშინებას, ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა „ბრავო რეკორდსს“, ბატონ ზაზა შენგელიას და ალეკო ბერძენიშვილს, რომლებმაც დამითმეს დრო და სიმღერა გამოვიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა. ამას წინათ, მანქანაში ვზივარ და ვხვდები, რომ ნაცნობი სიმღერა მესმის. გავიხედე გვერდით მდგომ მანქანაში და მესმის „შემირიგდი“, რომელიც „აკუსტიკაში“ შევასრულეთ პირველად და დიდი მადლობა ასევე მათ. კინაღამ გადავვარდი მეორე მანქანაში, ისე გამიხარდა. იმედი მაქვს, რადიო „ფორტუნას“ ეთერით ხშირად მოისმენენ მანქანებში და თუ ასეთს დავინახავ, აუცილებლად დავუქნევ ხელს.

არის თუ არა სამომავლო გეგმები, რომლებსაც ახლა ჩვენს ეთერში გააჟღერებ?

ზოგადად, არ მიყვარს გეგმებზე საუბარი, მაგრამ ახლა ბენდის იქით გრანდიოზული არაფერი ხდება. ორიენტირებული ვარ, რომ ბენდი წარმატებული იყოს. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობ.

ყველას აინტერესებს, ასეთი ლამაზი, ნიჭიერი და განსაკუთრებული გოგონა არის თუ არა შეყვარებული?

აი, რა გინდოდა ახლა? სამომავლო გეგმებიო, სიმღერა უნდა მოვისმინოთო. არა, არ ვარ შეყვარებული (იცინის).

მანუ, მინდა, წარმატება გისურვო. როცა ჩვენს ეთერში შენი სიმღერა გავა, შევეცდები, მეც მანქანაში მოვუსმინო…

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენ და ასევე რადიო „ფორტუნას“ მენეჯერს, ნატა ხარაშვილს, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ეს სიმღერა თქვენს ეთერში ყოფილიყო. ზოგადად, მადლობა რადიო „ფორტუნას“, რომ მუდმივად გვიდგას გვერდში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g