ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ საიუბილეო სეზონს იწყებს. რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ს ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე ესტუმრნენ. მათ ეთერში ვრცლად ისაუბრეს წლევანდელი ფესტივალის მასშტაბებზე, უცხოელ ვარსკვლავებზე, საინტერესო მუსიკალურ კოლაბორაციებსა და იმ სიურპრიზებზე, რომლებიც მსმენელს ელოდება.

ფესტივალი 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით გასტანს და მოიცავს 7 დაუვიწყარ კონცერტს, რომლებიც სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება. წელს ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულ ქართველ და უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად, ტრადიციულად, ასპარეზს უთმობს ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებსაც.
