რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი და შვიდკაცა სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მსმენელს ერთობლივი ნამუშევარი „ლამაზების პრეზიდენტო“ წარუდგინეს.
მოგვიყევით თქვენს ახალ სიმღერაზე „ლამაზების პრეზიდენტო“.
ეკა კახიანი: ეს არის ჩემთვის ცოტა უჩვეულო და ახალი ჟანრის, ქალაქური ჟანრის სიმღერა, რომელიც სულ მინდოდა, რომ დამეწერა, მაგრამ ეტყობა, შინაგანად ვემზადებოდი, თან არც მქონდა ისეთი ლექსი… მერე, დავიწყე ძებნა, იქნებ, რაღაც შემხვდეს-მეთქი, ვეძებდი იეთიმ გურჯის ლექსებს და „ლამაზების პრეზიდენტო“ რომ დავინახე, მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მე მჭირდება. არაჩვეულებრივი ლექსია.
იეთიმ გურჯის ლექსებზე რამდენიმე ძალიან ცნობილი სიმღერა არის შექმნი და ძალიან მიკვირს, რომ ისეთ არაჩვეულებრივ ლექსზე, როგორიც არის „ლამაზების პრეზიდენტო“, როგორ არავინ არ დაწერა სიმღერა… ალბათ, ჩვენ გველოდებოდა. მართალი გითხრათ, ძალიან გამიადვილდა, ლექსმა იმხელა იმპულსი და შთაგონება მომცა, რომ ძალიან იოლად წამოვიდა სიმღერა.
ჯერ მოვასმენინე ნინის, მერე ახლობლებს და მითხრეს, რომ – „კი, კარგია“ და მეც შინაგანად ვგრძნობდი ამას. შემდეგ, მოვასმენინე „შვიდკაცას“.
მაყურებელი მოისმენს და მგონია, რომ უნდა მოეწონოთ.
გიორგი ლომთათიძე: მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთი ეკას შექმნილი სიმღერა შევასრულოთ. ეკას სიმღერა ნამდვილად განსხვავებული არის ყოველთვის, თავისი ჟღერადობით, მელოდიით, აკორდებით… არ არის მარტივი შესასრულებელი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც, ეკასთან ერთად ძალიან ლამაზად მოხდა ამ სიმღერის გაშლა.
ეს „შვიდკაცას“ და ნინის პირველი დუეტია და მოხარულები ვართ, რომ ამ დუეტით ჩვენს განსაკუთრებულ, საინტერესო და ლამაზ სათქმელს ვიტყვით.

როგორი იყო სიმღერაზე მუშაობის პროცესი?
ნინი ბადურაშვილი: მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო.
ვერ ვიტყვი, რომ მარტივად ჩაიწერა, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სიმღერაა რთული.
დათო ნოზაძე: რაც მთავარია, ჩაწერის პროცესში რაღაცები იცვლებოდა, ეკას ახალი იდეები მოსდიოდა და ჩვენ ამას ვახორციელებდით და ამიტომ იყო ასეთი საინტერესო ჩაწერის პროცესი.
ნინი ბადურაშვილი: მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ზაზა ხუბუკელაშვილს, რომელიც არანჟირების ავტორია, რომელიც ძალიან ჩართული იყო ამ ყველაფერში და ცოტა გავაწვალეთ, მაგრამ ნამდვილად ღირდა, რადგან საბოლოოდ, კარგი შედეგი გამოგვივიდა.
გიორგი ლომთათიძე: სიმღერა არის დასამახსოვრებელი ტექსტით, ნიუანსებით და მელოდიით.
ნოდარ მეტრეველი: მუშაობის პროცესი მართლაც საინტერესო იყო. ზოგადად, ეკას სიმღერა, როგორც გიორგიმ აღნიშნა, ჩვენ შეგვისრულებია და ასე, მსმენელისთვის მარტივი მოსასმენია, მაგრამ როცა ასრულებ, რთულად შესასრულებელი და გასააზრებელია მომღერლისთვის. ვინც იმღერა ეკას სიმღერა, ყველა ამას აღნიშნავს. ბევრი ისეთი ნიუანსია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო და ამიტომ არის საინტერესო, სასიამოვნო და ამასთანავე რთული.
დათო, „შვიდკაცას“ შედარებით ახალი წევრი ხარ, როგორია ბიჭებთან ერთად მუშაობა, ასევე რას გვეტყვი ახალ სიმღერაზე?
დათო გელაშვილი: ძალიან რთულია, ბიჭების ტემპს აუწყო ფეხი, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩავება ბიჭების ფერხულში.
სიმღერასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ბიჭების რეპერტუარიდან გამომდინარე, განსხვავებული სიმღერაა თავისი ტექსტით, მელოდიით. ჩაწერის პროცესიც და რეპეტიციებიც ცოტა განსხვავებული იყო.
ნინი ბადურაშვილი: იმაზე მეტი შეკრება დაგვჭირდა, ვიდრე გვეგონა…

ახალი სიმღერა თუ იქნება თქვენს საკონცერტო რეპერტუარში?
დათო ნოზაძე: რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი მარგალიტი ჩვენს რეპერტუარში.
სულ მოგვწონდა ეკას რეპერტუარი, ეკას სიმღერები და სულ გვინდოდა, რომ ჩვენს რეპერტუარში ყოფილიყო. ძალიან გვიხარია, რომ „ზაფხულის საღამო“ და ეს ახალი სიმღერა ჩვენს რეპერტუარშია. მადლობა ეკას და ნინის ამ შესაძლებლობისთვის.
პირველად სად შესრულდება ნამუშევარი ფართო აუდიტორიის წინაშე?
ნინი ბადურაშვილი: პირველი კონცერტი არის 10 ივლისს, სენაკში, რესტორანში „სენაკელები“.

ეს სიმღერა ნინის და „შვიდკაცას“ კიდევ არაერთი დუეტის საწყისი ხომ არ არის?
ეკა კახიანი: კი, აუცილებლად.
გიორგი ლომთათიძე: გვინდა, რომ ეკასთან და ნინისთან ერთად კიდევ გავაკეთოთ რაღაც სიმღერები.
იმედი მაქვს, რომ ამ სიმღერას და ჩვენს სხვა დუეტებს მსმენელი აუცილებლად შეიყვარებს.
ეკა კახიანი: ძალიან მომეწონა ამ ჟანრში მუშაობა და ვფიქრობ, რომ უნდა გავაგრძელო, რადგან რაღაც თავისთავად მოდის ეს არაჩვეულებრივი მელოდია, ჰარმონია. რა თქმა უნდა, ჩარჩო არსებობს და იმაში უნდა ჩაჯდე, მაგრამ შეიძლება, რაღაც საინტერესო, უფრო გათანამედროვებული სახე მივცეთ ამ ყველაფერს, ჩვენს ქალაქურ სიმღერებს.
ნინი ბადურაშვილი & ანსამბლი „შვიდკაცა“ – „ლამაზების პრეზიდენტო“