„არტ-FM“-ს „ფორტუნას“ ეთერში ესტუმრა პოპულარული მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელიც ყველა თაობის მსმენელის საყვარელი შემსრულებელია.
მერაბ სეფაშვილი:
ხშირად ვასრულებ ისეთ სიმღერებს, რომელსაც მსმენელი ითხოვს. ხანდახან არის, რომ მე არ მახსოვს სიმღერა, ძალიან ახალგაზრდებმა იციან ეს სიმღერები და ზეპირად ასრულებენ. ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს ასეთი ადამიანების მიმართ, ზოგადად, ახალი თაობის მიმართ. კონცერტის დროს სწორი რეაგირებები აქვთ ყველაფერზე. მუსიკა იციან კარგად და უყვართ.
ბავშვობაში, რადგან მუსიკალურ ოჯახში გაიზარდეთ, გეუბნებოდნენ, რომ თქვენც მუსიკოსი იქნებოდით?
არა, ასე არ ყოფილა. მხიბლავდა ყველაფერი ბავშვური, მათ შორის სპორტიც, ქუჩაც. კონკრეტულად ჩამოყალიბებული არ ვიყავი, რა პროფესია მინდოდა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებს. მიშვებული ვიყავი იმ გაგებით, რომ არჩევანი მე თვითონ უნდა გამეკეთებინა, ეს ის არჩევანი იყო, რაც მინდოდა. არა მარტო ჩემს შემთხვევაში, ზოგადად სწორია – აზრი უნდა გქონდეს და მისი გამოხატვის უფლებაც. კარგზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა. თავისუფალი აზრი საზოგადოებაშიც მნიშვნელოვანია და მუსიკაშიც.

ყოველთვის ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც სწორ გზაზე დაგვაყენეს. თქვენ შემთხვევაში ასეთი ადამიანები ვინ იყვნენ?
რა თქმა უნდა, მშობლები და ის დიდი მუსიკოსები, ვისთანაც მომიწია მუშაობამ, „ორერა“, „ივერია“. დღემდე რომ მომყვება, ბატონ გივი გაჩეჩილაძესთან მოხვედრაა.
ათასამდე სიმღერა, 10 ალბომი და საიუბილეო წელი, რომელსაც ერთად აღვნიშნავთ. თაყვანისმცემლებზე უნდა გკითხოთ, მუსიკალურად ვგულისხმობ, ხომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც დიდი ხანია, მოგყვებათ…
კონკრეტულად დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ზოგი უკვე ბებია და ბაბუაც არის, ზოგი კი პატარაა. სულ რჩებიან ჩემს გულშემატკივრებად. ეს ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვანი არიან შენს ცხოვრებაში, დიდ სტიმულს გაძლევენ სიყვარულით, დამოკიდებულებითა და ფანობით, ასე ვთქვათ. ჩემ შემთხვევაშიც და ყველა სხვა ადამიანის შემთხვევაშიც, ვინც ხელოვნებას ემსახურება. თუ შენ ვერ იგრძენი კონკრეტული სიმღერების თუ შენი პერსონის მიმართ, გაგიჭირდება…

მთელი ცხოვრება სცენაზე ხართ. ვინ არის მერაბ სეფაშვილი სცენის მიღმა?
სცენის მიღმა ვარ ადამიანი, ვისაც უყვარს ოჯახი, შვილიშვილები, მეგობრები, იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს ცხოვრება სწრაფად გადის. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი პროფესია მაქვს, მეგობრები სხვადასხვა პროფესიის მყავს. თუმცა მყავს ახლო წრეში მუსიკოსებიც.
როგორი შეგრძნებაა, როდესაც სიმღერა იწერება და შემდეგ ის პოპულარული ხდება? მაგალითად, „გაიღიმე“ საფეხბურთო ჰიმნად იქცა…
საოცარი განცდა და მაგარი შეგრძნებაა. სიმღერით „გაიღიმე“ ბევრი მოვიგეთ, ამ ტექსტმა ძალიან იმუშავა ფეხბურთელებზეც და ვფიქრობ, თილისმასავით გაჰყვება ბოლომდე. ჩვენ ბევრი გამარჯვება გვჭირდება.
ცხოვრებამ რა გასწავლათ რთული გზით?
ცხოვრება ძალიან დაუნდობელია ხანდახან, ხანდახან კი პირიქით, საჩუქრებს გიკეთებს. მასწავლა ის, რომ მეორე ადამიანი უნდა გიყვარდეს.

მსმენელსა და მაყურებელთან შესახვედრად როგორ ემზადებით ხოლმე?
სულიერი სამზადისი ხდება ტვინში, გულში, განცდები გაქვს სხვანაირი. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ღელვა არის. არგენტინის ნაკრებისავით ვარ, ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე (იღიმის).
დღეს პრემიერაა თქვენი ნამუშევრის – „შენ ხარ ყველაფერი“…
სხვათა შორის, ეს სიმღერა ეკუთვნის ჩემს მეგობარს, მიშა გელაშვილს, კარგ მუსიკოსს და მეგობარს. მისი ლექსი და მელოდიაა. შემთხვევით მომასმენინა გიტარაზე, მერაბს მოუხდება ეს სიმღერაო. არანჟირება აჩი ოშხინელთან მოხდა.
მერაბ სეფაშვილი – შენ ხარ ყველაფერი