LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ეთნო-ჯაზ ჯგუფმა ესპანურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა – 4 მაისს გრიბოედოვის თეატრში „ირიაოს“ ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება: „კიდევ ერთი შანსი გვაქვს, რომ მსმენელს დავუმტკიცოთ, რისთვის ვართ, რას ვაკეთებთ და საით მივდივართ…“

402
ბუბა მურღულია

4 მაისს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება ეთნო ჯაზ-ბენდ „ირიაოს“ ახალი ალბომის, „კამარას“ პრეზენტაცია და კონცერტი.

კონცერტისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია შესული.

თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სტუმრობდა ბენდის წევრი, მომღერალი, ბუბა მურღულია, რომელმაც ჯგუფის გეგმებისა და მოახლოებული ღონისძიების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ბუბა მურღულია:

გავაფორმეთ კონტრაქტი ესპანურ საპრომოუტერო კომპანიასთან, რომელიც საკუთარ თავზე იღებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც სჭირდება ჯგუფს არა მხოლოდ საარსებოდ, არამედ განვითარებისა და მომდევნო ნაბიჯებისთვის.

ვფიქრობ, 4 მაისს ძალიან საინტერესო საღამო გამოვა, იმიტომ, რომ დიდი ხნის პაუზა გამოუვიდა „ირიაოს“. პანდემიის შემდეგ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი გვქონდა თბილისში. ჩვენს შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შევძინეთ, ახალ ალბომში წარმოგიდგენთ რამდენიმე კარგად დავიწყებულ ძველ კომპოზიციას, რომელიც არ შესულა წინა ორ დისკში და რა თქმა უნდა, ახალ სიმღერებს, რომლებსაც ტრადიციულად, ქმნის კომპოზიტორი და უნიჭიერესი ადამიანი, დავით მალაზონია, ჩვენი უფროსი მეგობარი. დავიმატეთ ერთი ახალი წევრი, შაკო ყარყარაშვილი, ვირტუოზი პიანისტი და ძალიან მაგარი ადამიანი, რომელიც თავისი ჰარმონიით უფრო მეტ სისავსეს და სისრულეს მატებს „ირიაოს“, რისთვისაც აქედან მოვიკითხავ და მადლობას ვეტყვი კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება კონცერტს, ჯგუფში 8 ადამიანი ვართ და გვეყოლება კიდევ ერთი მუსიკოსი, ირაკლი მენაღარიშვილი, მოწვეული სტუმრის სტატუსით, სასწაული პერკუსიონისტი. „ირიაოს“ დაფუძნების დღიდან, 2013 წელს, იმ დღიდან მოყოლებული, ყველა წევრის აზრია ასეთი, რომ პერკურსია ძალიან უხდება და სჭირდება ჯგუფს. საბედნიეროდ, გვაქვს ეს ფუფუნება, რომ ჩვენი მეგობარი, უძლიერესი მუსიკოსი, გვერდში დაგვიდგეს 4 მაისს, გრიბოედოვის თეატრში.

კონკრეტულად რომ გვესაუბროთ კონცერტის თაობაზე…

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიაში, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ გავმართავდით ამ კონცერტს და ვერ შევხვდებოდით მონატრებულ მსმენელს. შესრულდება 14-15 კომპოზიცია, რამდენიმე ძველი და უმეტესად, ახალი, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენს ერთგულ მსმენელს დააინტერესებს. მუსიკალური მიმართულება მყარად დგას ფეხზე და არ შეცვლილა. როცა ჯგუფს სახელწოდება შევურჩიეთ, ეს დათოს იდეა იყო, „ირიაო“, გურული სიმღერის დიდი მოყვარულები შევიკრიბეთ… ირიაო კრიმანჭულის მოძახილიდან მოდის, ირიაო-ურუაოდან. დათოს იდეაც ეს იყო, რომ ასე დაგვერქმია. კრიმანჭული რთული შესასრულებელი და ყველას არ ძალუძს ამის გაკეთება, გვინდოდა, შევჭიდებოდით ასეთ სირთულეს და გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც იშვიათი და მოსაწონი იქნებოდა. საქართველოში ამის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი განვლილი წლებით, ასე თუ ისე, ეს მოვახერხეთ. ახლა კიდევ ერთი შანსი გვაქვს, რომ მსმენელს დავუმტკიცოთ, რისთვის ვართ, რას ვაკეთებთ და საით მივდივართ.

რაც შეეხება ჩვენი ალბომის სახელს, „კამარა“ არის ერთ-ერთი კომპოზიციის სახელი, რომელიც დათოს ჯგუფ „ადიოსთვის“ ჰქონდა შექმნილი. ეს კომპოზიცია „ირიაოში“ არ გადმოგვიტანია, განსხვავებით დათოს სხვა სიმღერებისგან, რომლებიც მისი საავტორო ნამუშევრებია. კამარა მარტივი სახელია და ვინაიდან, ჩვენი გეზი საზღვარგარეთისკენაც არის, ვფიქრობდით, ალბომის სახელწოდება ისეთი უნდა ყოფილიყო, მარტივად გამოსათქმელი ყოფილიყო უცხოელებისთვის. მაგალითად, მეორე ალბომს „ხელხვავი“ ჰქვია და ვერავინ იმეორებს ამ დასახელებას ჩვენ გარდა (იღიმის).

ბილეთების შეძენა კონცერტზე დასასწრებად შესაძლებელია საიტზე biletebi.ge

„ირიაო“ ძალიან უყვარს მსმენელს და ეს ყველამ იცის. არაჩვეულებრივი ქალიშვილი გყავს, მანუ, რომელიც ასევე პროფესიონალი მუსიკოსია. როგორია მამისთვის, როცა თავის შვილს სცენაზე უყურებს?

ბავშვობიდან მუსიკის წიაღში იზრდება. თავიდანვე დიდი ინტერესი და სიყვარული ჰქონდა და სიფრთხილით ეკიდებოდა ამ საქმეს. მერე, როცა გადაწყვიტა, ამ საქმეს გაჰყოლოდა, რჩევები და იდეები შეიძლება მიაწოდო, მაგრამ ზრდასრულ ადამიანს შენს ჭკუაზე ვერ გაატარებ, თუმცა ინტერესების კვეთა შეიძლება მოიძებნოს, რაც მე, როგორც მამას, ძალიან მახარებს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g