LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „მეორედ დაოჯახებაზე არ მიფიქრია… ჩემს შვილს რომ არ ჰქონოდა ჩემნაირი ფიქრები, რას მიაღწევდა, სხვაგან რომ ესწავლა და ეცხოვრა, 23 წლისამ გადავდე თავი და წავედი უკეთესი მომავლის საძიებლად…“

2938
ნინი შერმადინი

ნინი შერმადინისთვის აშშ-დან საქართველოში ჩამოსვლა სევდასაც უკავშირდება და სიხარულსაც. სიხარული სამშობლოში სტუმრობას გულისხმობს, სევდა კი იმას, რომ დედ-მამა, რომ მესამე წელი გავიდა, რაც მომღერალს დედ-მამა გარდაეცვალა… ნინი fortuna.ge-ს უზიარებს საკუთარ ემოციებს…

როდესაც საქართველოში ჩამოდიხარ, ყოველთვის გარკვეულწილად სევდიანი ხარ. ვნახე შენი სტატუსი დედ-მამასა და მათ მონატრებაზე

ნინი შერმადინი: 

დედაჩემის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა 22 დეკემბერს. ყოველ წელს ვცდილობ, ამ დროს აქ ვიყო. პირველი, რასაც ვაკეთებ, აეროპორტიდან მივდივარ მათ საფლავზე. ორივე მხვდებოდა ხოლმე, როცა ჩამოვდიოდი. ახლა ვერ მხვდებიან და მე ვაკითხავ… ალბათ, ბევრი ყიდის ხოლმე ასეთ შემთხვევაში სახლს, რადგან სიცარიელე ხვდება, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ჩემს ძმასთან ერთად, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს, ვცდილობთ, გავაკეთოთ და გავალამაზოთ. ეს სახლი ჩემი მშობლების აურასთან და მოგონებებთან ასოცირდება. ამ დღეს შემოვიკრებ ხოლმე დედას ნათესავებსა და ახლობლებს. 2 იანვარს ვიკრიბებოდით ოჯახი და ვიბედებდით ერთმანეთს. რადგან მშობლები აღარ არიან, ეს ტრადიცია მე ავიღე საკუთარ თავზე. ყველაზე მთავარი ამქვეყნად სიკეთე, სიყვარული, ერთმანეთის თანადგომა და ლამაზი დღეები დავიბედოთ ოჯახის წევრებთან, რომლებსაც ვერავინ ცვლის.

 

 

ეს, ალბათ, უფრო მძაფრი განცდაა, როცა ემიგრაციაში მიდიხარ… 

ესეც და პატრიოტიზმის გრძნობაც. ასე გამზარდეს და ჩემი მირჩევნია ყველას, ამას ხელოვნურად არ ვაკეთებ. მართლა ყველას და ყველაფერს მირჩევნია საქართველო, რომელიც ქვეყნის მოქალაქეც უნდა გავხდე და ჩემთვის ამერიკა უკვე მართლა არის მეორე სახლი, ჩამომაყალიბა, მომცა განათლება და სამსახური, ძალიან ბევრი რამ. მიმაჩნია, რომ ბევრი ღირებული რამ დავთმე იმისთვის, რომ ჩემს შვილს ნათელი მომავალი ჰქონოდა, ამერიკა უფრო მეტი შესაძლებლობების ქვეყანაა. მე რეალურად იმიტომ წავედი, რომ ჩემი შესაძლებლობები ჩემი ქვეყნისთვისაც მომეხმარებინა. სულ ვცდილობ, ჩემი თუ ჩემი მოსწავლეების კონცერტიდან შემოსული თანხა წავიდეს ქველმოქმედებაში ჩემს ქვეყანაში. სიკეთის ვიღაცის დასანახად კეთება არ მიყვარს. სიკეთეს საკუთარი თავისთვის უნდა ვაკეთებდეთ. სხვისი ბედნიერების დანახვა სიამოვნებას მანიჭებს.

მახსოვს, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებდი…

რომ მკითხო, ახლაც ვაპირებ, თანაც, ძალიან ახლო მომავალში. მინდა, მარიამმა სკოლა იქ დაამთავროს და თავად გადაწყვიტოს, რა უნდა, თუმცა მასაც საქართველოში ცხოვრება ურჩევნია. ისე გავზარდე, როგორც მე გამზარდეს. აუცილებლად ჯერ თავისი ქვეყანა უნდა უყვარდეს. ადრე თუ გვიან, ყველა ემიგრანტი დაბრუნდება თავის ქვეყანაში. იქ როგორ მაგრადაც არ უნდა იყვნენ, ყველა ყიდულობს აქ სახლს და მიწას, რადგან იმზადებს დასაბრუნებელ ნიადაგს. რისი გულისთვისაც წავიდნენ, გაექცნენ უბედურებას. ყველა იმზადებს აქ მინიმალურ კომფორტს მაინც, რომ ადრე თუ გვიან ჩამოვიდეს საქართველოში. ამისი მჯერა.

გამოვედი დეპრესიიდან, რაც მქონდა მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დავიწყე სიმღერების ჩაწერა და კონცერტების ჩატარება და აქაც უფრო ხშირად ვივლი. ვიღებ მონაწილეობას კასტინგებში, რაც აშშ-ში ტარდება…

ანუ შენც გაქვს სურვილი, რომ იქაურ მუსიკალურ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა?

ყოველ წელს ვაგზავნი და ვმონაწილეობ კასტინგებში. ალბათ, ძალიან დიდი კონკურსია და იღბალზეც არის დამოკიდებული. შეიძლება, ვერ შევარჩიე სწორად რეპერტუარი, შეიძლება, თავი ვერ „შევიფუთე“ სწორად. ბევრი შეიძლება…

წლები აგზავნიდნენ ნუცა ბუზალაძე, ნინი ბრეგვაძე და ბოლოს მოხვდნენ კონკურსებში. შენ მათ ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებდი…

მეც წლებია, ვაგზავნი, მაგრამ ჯერჯერობით არ გამიმართლა. არაფერს ვკარგავ კასტინგებში მონაწილეობით, შეიძლება, არ ვარ იმ ასაკში, რომ კონკურსში მივიღო მონაწილეობა. შესაძლოა, ეს ლოგიკაც არის, რომ ახალ სახეებს ეძებენ. კინომუსიკის თუ სიმღერის წერის კონკურსია, ნიჭიერი თუ მუსიკალური კონკურსი, ყველგან ვაგზავნი. ავსტრალიაშიც კი გავაგზავნე ჩემი მონაცემები…

დარწმუნებული ვარ, წარმატება აუცილებლად მოვა… ნინი, პირად ცხოვრებაში თუ არის სიახლეები?

ემიგრანტულ ცხოვრებაში იმდენად ვარ ჩართული, რომ პირადის მხრივ სიახლე არ მაქვს.

მეორედ დაოჯახებაზე გიფიქრია?

არა და ვფიქრობ, რომ არც არის საჭირო. ჯერ ასეთი განწყობა მაქვს. მირჩევნია, მარიამი დადგეს გზაზე. იმდენი წელი დავკარგე ემიგრაციაში, არ ავაწყვე ჩემი პირადი ცხოვრება და არ ვმობილიზდი, რომ მეორე ოჯახი შემექმნა და კიდევ მყოლოდა შვილები. 23 წლისამ ჩემი თავი, ფაქტობრივად, გავწირე და წავედი უკეთესი მომავლის საძიებლად. სულ ვოცნებობდი და ვფიქრობდი იმაზე, ამერიკაში რომ გავზრდილიყავი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, იქ რომ მესწავლა და მემღერა… ეს განცდა რომ მარიამს არ ჰქონოდა, მრავალი წელი გავწირე… არ ვარ ჯერ იმ ასაკში, რომ ხელი ჩავიქნიო. 35 წლის ვარ და მგონია, კიდევ მაქვს დრო რაღაცებისთვის.

მაქსიმალურად ვცდილობ, ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა, სადაც არ უნდა წავიდე. ახლახან ნიუ იორკის სენატმა დამაჯილდოვა. ყოველ წელს ქალბატონი დიანა ბაგრატიონი ატარებს ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც ესწრება ხოლმე ნიუ იორკის მერი, ბრუკლინის მერი და სენატორები. ამ ღონისძიებაზე ყოველ წელს ვასრულებ ქართულ და ამერიკულ ჰიმნებს. გავხსენი ჩემი სტუდია, სადაც ამერიკელი ბავშვებიც მყავს და ისინი ქართულ სიმღერებსაც სწავლობენ. მამუკა ლომაშვილმა ახლახან დადგა მიუზიკლი, შემოსული თანხით კი დავეხმარეთ საქართველოში მცხოვრებ 5 გაჭირვებულ ოჯახს. ჯილდო მივიღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g