„ევროპარლამენტარებისა და ევროსტრუქტურების რეზოლუციების კრიტიკის მიზანი კანდიდატის სტატუსის მიღება იყო – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპონირება ევროპარლამენტარებთან, საზოგადოებამ არასწორად აღიქვა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, მმართველი გუნდის მხრიდან, სიმართლის ლაპარაკი, იგივე რეზოლუციებთან დაკავშირებით, მარტივი არ იყო.
ირაკლი კობახიძე - უამრავი სიცრუე ვრცელდებოდა ოპოზიციისგან, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სიმართლე, ფინანსური კუთხით სტატუსთან არ არის დაკავშირებული ხელშესახები სარგებელი
„ჩვენ არც მაშინ ვეუბნებოდით საზოგადოებას ტყუილს, როდესაც პერსპექტივა იყო ბუნდოვანი და არც ახლა ვეუბნებით, როცა უკვე მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი“
„გამოდის 400 ევროპარლამენტარი და რაღაცას ამბობს. რაც არ უნდა უსამართლობა იყოს, რა თქმა უნდა, იქ ოპონირება რთულია. შეიძლება, საზოგადოებაც, თავიდან, ამ ოპონირებას ცოტა სხვანაირად აღიქვამდა.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღეს, მე მგონი, ყველამ დაინახა, რომ ეს ოპონირება, ჩვენი მხრიდან ევროპარლამენტის გაკრიტიკება, ევროპარლამენტარების გაკრიტიკება, იმ უსამართლობის გაკრიტიკება, რომელიც იქიდან მოდიოდა, საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს – კანდიდატის სტატუსის მიღებას.
უსამართლობას ჩვენ ვუპირისპირებდით ჩვენს მყარ პოზიციას და ვავლენდით პრინციპულობას ყველა ეტაპზე. სწორედ ამან მოიტანა, საბოლოო ჯამში, ის წარმატება, რაც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების რეზოლუციების, ევროპარლამენტართა განცხადებებისა და ზოგადად, ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკაში დიდი წვლილი „ხალხის ძალამ“ შეიტანა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსული კანონის ინიციატორმა „ხალხის ძალამ“ ევროკავშირთან დაკავშირებით საზოგადოებას სიმართლე უთხრეს.
„წერილები ქვეყნდებოდა ხშირად მათი მხრიდან. რაც იყო იმ წერილებში ნათქვამი, თითოეული წინადადება იყო სიმართლე უბრალოდ ჩვენ ამაზე გვიჭირდა მაშინ საუბარი. თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა“. – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.