ლეგენდარული იტალიური კომპანია Lamborghini 2016 წლის ჟენევის ავტოშოუსთვის ახალ უნიკალურ სუპერქარს ამზადებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი სტეფან ვინკელმანი აცხადებს. როგორც ირკვევა, ახალი ავტომობილი Lamborghini-ს დამაარსებლის, ფერუჩო ლამბორგინი-ს 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ახალი სუპერქარის სახელწოდება Lamborghini Centenario იქნება. თუმცა, ამ მოდელის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ახალი ავტომობილი განსხვავებული იქნება მისი წინამორბედების Huracan და Aventador-ისგან და მასში იდეალურად იქნება შერწყმული ტრადიციები, ინოვაციები, დიზაინი, წონა და აეროდინამიკა.
ზუსტად როგორი იქნება Lamborghini Centenario ჯერჯერობით გამოცანად რჩება, თუმცა, ცნობილია რომ ახალი მოდელი კუპის სახით იქნება წარმოდგენილი და სულ 20 ეგზეპლიარი დამზადდება. არაოფიციალური მონაცემებით მას მოდერნიზებული 6.5 ლიტრიანი V12 ტიპის ძრავი ექნება, რომელიც ამჟამად Lamborghini Aventador SuperVeloce-შია მოთავსებული. ძრავის სიმძლავრე 740 ცხენის ძალაა, თუმცა, სავარაუდოა, რომ Centenario-ში მისი მოთავსების შემდეგ სიმძლავრე 760 ცხენის ძალამდე გაიზრდება.