LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Revuelto SV-მ ოფიციალურ პრემიერამდე რეკორდი დაამყარა – ვიდეო

122
ქირიას NEWS შაბლონი

Lamborghini-მ განაცხადა, რომ ახალი Revuelto SV (Super Veloce) გერმანიის ცნობილ ავტოდრომ ჰოკენჰაიმრინგზე ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი გახდა. ჰიპერქარმა ტრასა 1 წუთსა და 41,6 წამში გაიარა. რეკორდული წრე Lamborghini-ის სატესტო პილოტმა მარკო მაპელიმ შეასრულა.

ჰოკენჰაიმრინგი რეკორდისთვის შემთხვევით არ შეურჩევიათ – ტრასა მაღალი სიჩქარის მონაკვეთებს, მკვეთრ დამუხრუჭებებსა და ტექნიკურად რთულ მოსახვევებს აერთიანებს და მასზე რეგულარულად ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო რბოლა. Lamborghini-ის განცხადებით, Revuelto SV-ის თითოეული კომპონენტი მაქსიმალური წარმადობისა და მართვის ემოციის მისაღწევად შეიქმნა.

მარკო მაპელის თქმით, ასეთი შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავტომობილის მართვის სიზუსტემ, პროგნოზირებადმა ქცევამ რეჟიმებში და მძღოლსა და ავტომობილს შორის კოორდინაციამ.

ამ ეტაპზე Lamborghini მოდელის ტექნიკურ მონაცემებს სრულად არ ასაჯაროებს. თუმცა ცნობილია, რომ სტანდარტული Revuelto უკვე 6,5 ლიტრიან V12 ჰიბრიდულ ძრავას იყენებს, რომლის ჯამური სიმძლავრე 1 015 ცხენის ძალაა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღემატება. SV ვერსიისგან კიდევ უფრო მაღალი წარმადობაა მოსალოდნელი.

Revuelto SV-ის მსოფლიო პრემიერა 14 აგვისტოს, კალიფორნიის მონტერეიში, საავტომობილო კვირეულის ფარგლებში გაიმართება. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი მისი სრული ტექნიკური მახასიათებლები და სხვა გაუმჯობესებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები