გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„საქართველოს ირიგაციის სექტორის რეფორმირების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, მაქსიმალური თანამშრომლობით და კოორდინაციით, საერთო მიზნების ეფექტიანად განხორციელებას, გამოწვევების დაძლევას და უკეთესი შედეგების მიღწევას შევძლებთ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც როლანდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს წლების განმავლობაში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალში ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.