თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 10 მარტს ნოდიკო ტატიშვილის პროექტი „ზღაპარი სიყვარულისა“, რომელიც შესანიშნავ ქართველ კომპოზიტორს, ალექსანდრე ბასილაიას და მის არაჩვეულებრივ შემოქმედებას ეძღვნება, ანშლაგით უკვე მესამედ გაიმართა.
მაყურებლისთვის და თავად მომღერლისთვის, რომლის მუსიკალურ ცხოვრებაში ალექსანდრე ბასილაიამ წარუშლელი კვალი დატოვა, განსაკუთრებით აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი იყო კომპოზიტორის მეუღლის, ქალბატონი ლუიზა კობალაძის სიტყვები, რომელმაც ცალკე – დარბაზში დამსწრე საზოგადოებას, ცალკე კი თავად ნოდიკო ტატიშვილს დიდი მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მისი მეუღლე ახსოვთ და ასეთ დიდ სიყვარულს გამოხატავენ.
ლუიზა კობალაძემ სცენაზე ასვლა ვერ შეძლო – მისთვის განსაკუთრებულად ემოციური საღამოს ბოლოს ნოდიკო ტატიშვილმა თავად ჩააკითხა დარბაზში თაიგულით ხელში, რომ საკულტოდ ქცეული სიმღერა „მერე“ მასთან ერთად შეესრულებინა. რასაკვირველია, დიდი იყო მ,აყურებლის ოვაცია, აპლოდისმენტები და აღფრთოვანება ლუიზა კობალაძისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტის აჟღერების შემდეგ. სიმღერები, რომლებიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ითვლის, დღეს ისევ აქტუალურია, მას ახალგაზრდა თაობა ისეთივე ენთუზიაზმით ასრულებს – ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედება კი კვლავ აგრძელებს ცხოვრებას… ლუიზა კობალაძის თავმდაბალი მადლობაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა.
დღის მთავარი გმირისთვის, ნოდიკო ტატიშვილისთვის კი – ეს დღე, მიუხედავად დიდი ღელვისა, საოცრად საინტერესო გამოდგა, პირველ რიგში, მუსიკალურად. არავისთვისაა საიდუმლო, რომ თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებლისთვის არასდროს იყო პრობლემა ცოცხალი შესრულებით მაყურებლის წინაშე გამოსვლა, თუმცა გუშინდელმა საღამომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ალექსანდრე ბასილაიას მიერ ამა თუ იმ მიუზიკლისთვის შექმნილი არიები ნოდიკომ განსაკუთრებულად შეასრულა – სწორად შერჩეული პოზიციები, მაღალი თუ დაბალი ბგერები, განაწილებული სუნთქვა და რაც მთავარია, მართებული ემოციები, ყველა მის შესრულებას მრავალფეროვანს ხდიდა და მსმენელს „ბრავოს“ თქმას დაუნანებლად აიძულებდა…
ერთ-ერთი ასეთი კომპოზიცია, რომელიც საღამოს გამორჩეულ გამოსვლად იქცა, „სერენადაა“ მიუზიკლიდან „ჩხიკვთა ქორწილი“. ეს სიმღერა ყველას გვახსოვს მერაბ სეფაშვილის შესრულებით, სხვათა შორის, ნოდიკომ სცენიდან მას მადლობა გადაუხადა, ვინაიდან მისი კოლეგა და მეგობარი კონცერტს ესწრებოდა. ნოდიკომ ასევე ყველა თავის კოლეგას, გამორჩეულად კი ანსამბლ „ივერიის“ წევრებს, ასევე დარბაზში მყოფ ცნობილ კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძეს გამორჩეული მადლობა მიუძღვნა დაფასებისთვის, მობრძანებისა და მხარში დგომისთვის.
ვინც ნოდიკო ტატიშვილს იცნობს, იცის მისი ფართო სამეგობროს შესახებ. რასაკვირველია, დუეტებმა მის მეგობრებთან საღამო ძალიან დაამშვენა – მარიამ როინიშვილი, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, სოფო ხალვაში, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, თიკა მახალდიანი სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილ ჰიტებს სიამოვნებით უზიარებდნენ დარბაზს.
საღამოს ერთი მნიშვნელოვანი მომენტის ხაზგასმაც არ გვაწყენდა – ნოდიკო ტატიშვილის პროექტი „ზღაპარი სიყვარულისა“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენი გამორჩეული მელოდია აქვს შექმნილი ალექსანდრე ბასილაიას და მართლაც რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების ჩამოყალიბებაში. როცა რომელიმე სიმღერა იწყებოდა, მაყურებელი ძლააუნებურად ყველა მელოდიას ჰყვებოდა და ტექსტიც ზეპირად იცოდა…
ნოდიკო ტატიშვილის, როგორც მომღერლის კიდევ ერთი ძლიერი მხარე, რომელიც ამ კონცერტზე კიდევ ერთხელ დავინახეთ, ის არის, რომ ის საუკეთესოა როგორც სოლოშემსრულებელი, წამყვანი პარტიის სიმღერისას, მაგრამ ძალიან მოზომილი, როგორც დუეტის მონაწილე მეორე ხმა და ბანი, როცა დათუნა მგელაძესა და სალომე ბაკურაძესთან შესანიშნავად ჰარმონიული ტრიო შეკრა.
საღამოს მუსიკალური ნაწილი მაესტრო დავით მაზანაშვილის დამსახურება იყო, რომელმაც ვერსიებზე ბენდის წევრებთან და ქალთა კამერულ ორკესტრთან ერთად იმუშავა. კონცერტის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ნომერი ნოდიკოს საბავშვო სტუდიის ბავშვების მონაწილეობით შედგა, სადაც ერთ-ერთი მოსწავლე გამორჩეული საცეკვაო ილეთებით წარდგა მაყურებლის წინაშე.
თუკი საღამოს ეფექტურ ნომერზე ვისაუბრებთ, უდავოდ უნდა დავასახელოთ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასთან ერთად შესრულებული „იყიდება საქართველო“… ამ სიმღერის შესრულებისას ნოდიკო ტატიშვილმა აღნიშნა, როგორი განსაკუთრებულია მისთვის პატრიოტული სიმღერების შესრულება სცენაზე…
საღამო ვერ დასრულდებოდა, რომ არ აჟღერებულიყო ალექსანდრე ბასილაიას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მელოდია „არგო“. მაყურებელი კონცერტის შემდეგ ემოციებს დიდხანს უზიარებდა ერთმანეთს და მუსიკალური საღამოს შემდეგ სასიამოვნო ემოციებით დატვირთულმა დატოვა დარბაზი.
პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა თბილისი მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო. ნოდიკო ტატიშვილის პროექტის მხარდამჭერი ასევე არის რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.
მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე