LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა 

133
ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ლევან დავითაშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.

„მრავალი წელია, სხვადასხვა პროგრამის და პროექტის ფარგლებში USAID და აშშ საქართველოს ეხმარება და ეს არის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სამინისტროს ინტენსიური ჩართულობით და მჭიდრო პარტნიორობით მიმდინარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მიზნების მხარდაჭერისა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. მისი დახმარებით ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, ამაღლდა ბიზნესების კონკურენტუნარიანობა და საქართველოს პოტენციალი მსოფლიო მასშტაბით წარმოჩინდა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში 25 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტით 2019 წლიდან მოქმედებდა და მისი მიზანი მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით საქართველოს ეკონომიკური სექტორის გრძელვადიანი ზრდის მხარდაჭერა იყო. პროგრამამ მოიცვა ეკონომიკის არაერთი დარგი და ინდუსტრია, მათ შორის, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ.

„ამ პერიოდის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა ისეთ წარმატებულ აქტივობებს, როგორებიცაა: რეგიონებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრების გახსნის კონცეფციის შემუშავება, ქვეყანაში საინვესტიციო ლოკაციების სკაუტების მოწვევა, საინვესტიციო შეთავაზებებისა და კვლევების მომზადება, მასშტაბური ღონისძიებები ტურიზმის მიმართულებით „ინფლუენსერების“ და ბლოგერების მასპინძლობის კუთხით, ასევე, ქართული სტარტაპებისთვის სილიქონ ველის აქსელერატორებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და ბენეფიციარებმა.

სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკის განვითრების მხარდაჭერას განაგრძობს და წლის განმავლობაში რამდენიმე ახალ პროგრამას დაიწყებს, მათ შორისაა მწვანე ეკონომიკის პროგრამა (Green Economy), მწვანე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა (Green Transport and Logistics) და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის პროგრამა (Agriculture Trade).

„ეს პროგრამები და მათ ფარგლებში დასახული პრიორიტეტები თანხვედრაშია სამინისტროს სტრატეგიულ მიზნებთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. დარწმუნებულნი ვარ, რომ მომდევნო პროგრამების ფარგლებშიც ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთქმედება ნაყოფიერი იქნება“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g