გუშინ თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან კონსულტაცია გაიარა. კონსულტაციის შემდეგ, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომ შემოთავაზებული ხუთი ვარიანტიდან ოპტიმალურს შეარჩევდა. ერთ-ერთი ვარიანტი სააკაძის მოედანზე ჭკვიანი შუქნიშნის დამონტაჟებაა, რომელსაც ნაკლებად ეთანხმებიან საქართველოში მოღვაწე არასამთავრობოები. ამ თემასთან დაკავშირებით ”ავტორადიო“ „ეკო-ტრანსპორტ ცენტრი”-ს დირექტორს ვასო ურუშაძეს ესაუბრა.
”მივმართავ თბილისის მერიას, ამ შემთხვევაში თბილისის ვიცე მერს ლაშა აბაშიძეს.
პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერიის ინიციატივას, საბურთალოს რაიონში, კერძოდ სააკაძის მოედენზე საცობის განტვირთვის მიზნით შუქნიშნების დამონტაჟებას. ეს არის ყველაზე არაეფექტური გამოსავალი აღნიშნულ სიტუაციაში, ნებისმიერი დამატებითი შუქნიშანი ქალაქის საავტომობილო გზებზე ამცირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის კოეფიციანტს და ხელს უწყობს საცობების წარმოქმნას.
მეტიც, ქალაქში არსებული სატრანსპორტო კვანძები, სადაც მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნებით, უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გვირაბებისა და პანდუსების მეშვეობით მოეწყოს ორდონიანი მოძრაობა, რაც მოგვცემს საშუალებას გავაუქმოთ შუქნიშანი და გავზარდოთ აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გამტარუნარიანობის კოეფიციენტი.
ნებისმიერი შემაფერხებელი ბარიერი, რომელიც ზრდის მოძრავი ავტომობილის უქმად მოცდენის დროს, პიკი საათებში პოტენციური საცობების წარმოქმნელი მიზეზი ხდება.
შესაბამისად თბილისში აღნიშნული სატრანსორტო კვანძების საცობებისგან განსატვირთად, როგორიც სააკაძის მოედანია, აუცილებელია სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც კვეთენ ერთმანეთს, ავარიდოთ და გავზარდოთ გამტარუნარიანობა, ამისთვის აუცილებელია მოძრაობა მოეწყოს ორ დონეზე. შესაბამისად შუქნიშნის დამონტაჟებით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და კიდევ უფრო მეტად შევაფერხებთ მოძრაობას, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუარესებას.
ასევე გვაქვს შეკითხვები თბილისის მერიასთან, თუ რატომ არ იყო კვლევების პროცესში ჩართული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რატომ შეჩერდა არჩევანი კონკრეტულად აღნიშნულ გერმანულ კომპანიაზე, რა კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, რატომ არ იყო მიწვეული პრეზენტაციაზე ადგილობრივი ორგანიზაციები რომლებიც მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, რატომ გაკეთდა აქცენტი მხოლოდ საბურთალოს რაიონზე? ეს ხომ გლობალური პრობლემაა, რომელიც მხოლოდ ერთი რაიონით ვერ მოგვარდება.
აღნიშნული მცდელობა თბილისის მერიას ქონდა 2014 წელსაც, როცა ჩამოიყვანეს დუბლინელი ექსპერტები, თუმცა, ვნახეთ რომ მათ რეკომენდაციებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.
რეალურად მივიღეთ თბილისის მერია, რომელიც არ ითვალისწინებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაციებს და ბიუჯეტის ფულს ფლანგავს საერთაშორისო კომპანიების დაქირავებაში, რაც საბოლოო ჯამში არაფრის მომცემია.” – აცხადებს ვასო ურუშაძე.