ფოთში, ნაბადის უბნის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ისინი ქუჩის მოასფალტებას მოითხოვენ.
“ქუჩის ერთი ნაწილი გაკეთებულია, ნაწილი კი ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ საცხოვრებელ სახლებამდე ტრანსპორტი და ტაქსები არ დადიან, რის გამოც პრობლემებს ვაწყდებით. კერძოდ, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვებს ვერ ვუშვებთ”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. საპროტესტო აქციაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ხვალ აღნიშნულ ქუჩაზე მძიმე ტექნიკა შევა და მოხრეშვა-მოგრეიდერება დაიწყება, თანხებს კი ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს.
რაც შეეხება მოასფალტებას, ხელისუფლების წევრმა “ინტერპრესნიუსსა” და მოსახლეობას განუცხადა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამისათვის თანხები გათვალისწინებული არ არის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის აღნიშნული დაპირების შემდეგ აქცია დაიშალა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თუ გზის შეკეთების სამუშაოები ხვალ არ დაიწყება, საპროტესტო აქციას ისევ გამართავენ.