LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერცხლისწყლის თერმომეტრის გატეხვა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს” – თამარ მეტრეველი გვირჩევს, რა ასაკში, რომელი თერმომეტრი გამოვიყენოთ

2406
თამარ მეტრეველი

პედიატრმა თამარ მეტრეველმა „ავტორადიოს” ეთერში ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომელ ასაკში, რომელი თერმომეტრი შეიძლება გამოვიყენოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრი გაგვიტყდა:

„ეს ყველაფერი აქაც ასაკზე არის დამოკიდებული და როდესაც ცდომილებაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია იცის, რომ მნიშვნელოვანია, სად ვზომავთ ტემპერატურას და როგორი თერმომეტრით. ელექტრო თერმომეტრით რექტალურად, ანუ სწორ ნაწლავში გაზომილი ტემპერატურა, ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ადგილას გაზომილი ტემპერატურა. საერთოდ, რექტალური ტემპერატურა ყველაზე უფრო ახლოს არის სხეულის ტემპერატურასთან, მაგრამ რექტალურად გაზომილი ტემპერატურა მოზრდილ ბავშვებში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რადგან ეს საშინელ დისკომფორტს აყენებს ბავშვს. შესაბამისად, მაქსიმუმ 3 წლამდე ვიყენებთ რექტალურ ტემპერატურას. შემდგომ უკვე, უპირატესობა ენიჭება შუბლის თერმომეტრს, რადგან ასე გაზომილი ტემპერატურა, ახლოს არის რექტალურ ტემპერატურასთან. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, რომ აქსილარულად, ანუ იღლიაში გავზომოთ ტემპერატურა ელექტრო თერმომეტრით.

ცხელება ბავშვებში – პედიატრი თამარ მეტრეველი ყველაზე აქტუალურ კითხვებს პასუხობს

უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ტემპერატურას შუბლის მეშვეობით ვზომავთ და თუ ბავშვი ოფლიანია, მას კარგად უნდა მოვწმინდოთ და გავუმშრალოთ შუბლი, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ ტემპერატურის იღლიაში გაზომვის დროსაც, რადგან სხვა შემთხვევაში ცდომილება გვექნება.

აქტიურად ვიყენებთ პირის ღრუს თერმომეტრებსაც, მაგრამ ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში, ვინაიდან კარგად უნდა მოხდეს პირის ღრუში მათი მოთავსება. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუნთქვასაც, თუ ბავშვი აქტიურად უბერავს სულს თერმომეტრს, რა თქმა უნდა, მაჩვენებელი არასწორი იქნება და თერმომეტრი უფრო დაბალ ტემპერატურას გვიჩვენებს.

ტემპერატურა შეგვიძლია გავზომოთ ყველა ადგილას, სადაც ზოგადად ის იზომება, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში, რა მაჩვენებელი ითვლება ტემპერატურის მატებად, რა ცხელებად და, რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ, ტემპერატურის გაზომვის სწორი ტექნიკა.

ვერცხლისწყლის თერმომეტრის გატეხვა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვერცხლისწყლის თვალსაზრისით, იმდენად მინიმალური რაოდენობაა. მოწამვლა რომ მოხდეს, ვერცხლისწყალი ხანგრძლივად უნდა დარჩეს ზედაპირზე და აორთქლება უნდა დაიწყოს. შესაბამისად, როდესაც თერმომეტრი გატყდება, ის უნდა მოიხვეტოს და შემდეგ ზედაპირები სველი წესით უნდა დამუშავდეს. არაფერი საშიში ამას თან არ ახლავს“, – განაცხადა თამარ მეტრეველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g