LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელება ბავშვებში – პედიატრი თამარ მეტრეველი ყველაზე აქტუალურ კითხვებს პასუხობს

863
თამარ-მეტრეველი

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ პედიატრი – თამარ მეტრეველი სტუმრობდა, რომელმაც ცხელებაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, ცხელების მართვის კლასიკურ თუ ხალხურ მეთოდებზე, ფებრილურ გულყრაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა და არაერთი ძალიან საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

თამარ, რა არის ცხელება და რატომ შეიძლება, რომ ის მოულოდნელად განვითარდეს?

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა არის ცხელება, ჯერ სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე ვისაუბროთ. ყველასთვის კარგად ნაცნობია, რომ ორგანიზმს თავისი, ნორმალური ტემპერატურა აქვს და როგორც წესი, ეს არის 36,6-დან 37 და 37,2 გრადუს ცელსიუსამდე. ამ ოპტიმალურ ტემპერატურაზე ორგანიზმში მიმდინარეობს ყველა ის პროცესი, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორგანიზმს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ დაიცვას თავი და რომ ეს ტემპერატურის მუდმივა შეინარჩუნოს. არსებობენ რიგი გამღიზიანებლები და როდესაც ისინი ჩვენს ორგანიზმში ხვდებიან ან როდესაც ორგანიზმში გარკვეული პროცესები აქტიურდება, ტემპერატურის ცვლილება ხდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ტემპერატურის მატებაზე ვსაუბრობთ და უმეტეს შემთხვევაში, ეს ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად ცხელებას ინფექცია იწვევს და როგორც წესი, ესენია ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტული ინფექცია. როგორც ვთქვით, ასეთ დროს ტემპერატურის აწევა დამცველობითი რეაქციაა, რადგან ამ დროს ორგანიზმი ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზს ებრძვის.

არსებობს რიგი სხვა მიზეზებიც, რის გამოც შეიძლება, რომ ტემპერატურამ მოიმატოს. ეს შეიძლება იყოს გადახურება, ანუ სითბური დაკვრა, ავტოიმუნური დაავადებები, ავტოანთებითი დაავადებები, სიმსივნეები, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იშვიათია. ტემპერატურის მატების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ინფექციები, განსაკუთრებით კი – ვირუსული ინფექციები.  

მოკლედ განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს სხეულის ტემპერატურის მატება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ადამიანს თავისი, ნორმალური ტემპერატურა აქვს. როგორც წესი ეს არის 36,6, თუმცა შეიძლება, არსებობდეს ადამიანი, ვისაც 36,4 ან 37 აქვს მუდმივად, რადგან ეს მისი ორგანიზმისთვის ნორმალური ტემპერატურაა. ტემპერატურის მატებას და ცხელებას ვამბობთ მაშინ, თუ იღლიაში გაზომილი ტემპერატურა გადასცდება 37,8-ს. ასეთ დროს, ჭეშმარიტად არის ტემპერატურის მატება და ამას უკვე ცხელებას ვეძახით.

რაც შეეხება ჩვილ ასაკს, სამ თვემდე ასაკში, თუ რექტალურად გაზომილი ტემპერატურა,  38-ზე მაღალია, ვამბობთ, რომ სხეულის ტემპერატურა მომატებულია. 3 თვიდან 3 წლამდე, იგივე რჩება და 38-ზე მაღალი არის სხეულის ტემპერატურის მატება, ხოლმე 39-ზე მაღალი რექტალური ტემპერატურის შემთხვევაში, უკვე ცხელებაა. შესაბამისად, გაჩნია სად და როგორ გავზომავთ ტემპერატურას, რადგან ამის მიხედვით, მაჩვენებლები ერთმანეთისგან მცირედ განსხვავდება.

დღესდღეობით, ბაზარზე უამრავი სახის თერმომეტრი არსებობს, შუბლზე მოსათავსებელი, საწოვარას ფორმის და ა.შ. , თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ მსგავს თერმომეტრებს გარკვეული ცდომილება აქვთ, ვერცხლის წყლიან თერმომეტრებთან შედარებით. თქვენ, გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელ თერმომეტრს ანიჭებთ უპირატესობას?

ეს ყველაფერი აქაც ასაკზე არის დამოკიდებული და როდესაც ცდომილებაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია იცის, რომ მნიშვნელოვანია, სად ვზომავთ ტემპერატურას და როგორი თერმომეტრით. ელექტრო თერმომეტრით რექტალურად, ანუ სწორ ნაწლავში გაზომილი ტემპერატურა, ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ადგილას გაზომილი ტემპერატურა. საერთოდ, რექტალური ტემპერატურა ყველაზე უფრო ახლოს არის სხეულის ტემპერატურასთან, მაგრამ რექტალურად გაზომილი ტემპერატურა მოზრდილ ბავშვებში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რადგან ეს საშინელ დისკომფორტს აყენებს ბავშვს. შესაბამისად, მაქსიმუმ 3 წლამდე ვიყენებთ რექტალურ ტემპერატურას. შემდგომ უკვე, უპირატესობა ენიჭება შუბლის თერმომეტრს, რადგან ასე გაზომილი ტემპერატურა, ახლოს არის რექტალურ ტემპერატურასთან. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, რომ აქსილარულად, ანუ იღლიაში გავზომოთ ტემპერატურა ელექტრო თერმომეტრით.

უნდა გვახსოვდეს, რომ თუ შუბლის მეშვეობით მზომავთ ტემპერატურას და თუ ბავშვი ოფლიანია, მას კარგად უნდა მოვწმინდოთ და გავუმშრალოთ შუბლი, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ ტემპერატურის იღლიაში გაზომვის დროსაც, რადგან სხვა შემთხვევაში ცდომილება გვექნება.

აქტიურად ვიყენებთ პირის ღრუს თერმომეტრებსაც, მაგრამ ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში, ვინაიდან კარგად უნდა მოხდეს პირის ღრუში მათი მოთავსება. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუნთქვასაც, თუ ბავშვი აქტიურად უბერავს სულს თერმომეტრს, რა თქმა უნდა, მაჩვენებელი არასწორი იქნება და თერმომეტრი უფრო დაბალ ტემპერატურას გვიჩვენებს.

ტემპერატურა შეგვიძლია გავზომოთ ყველა ადგილას, სადაც ზოგადად იზომება ის, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში, რა მაჩვენებელი ითვლება ტემპერატურის მატებად, რა ცხელებად და რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ, ტემპერატურის გაზომვის სწორი ტექნიკა.

ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უხშირესად მაინც ვერცხლის წყლის თერმომეტრს იყენებს და ხშირია ამ თერმომეტრების გატეხის შემთხვევებიც. ასეთ დროს, როგორია თქვენი რეკომენდაცია.

ვერცხლის წყლის თერმომეტრის გატეხა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვერცხლის წყლის თვალსაზრისით, იმდენად მინიმალური რაოდენობაა. მოწამვლა რომ მოხდეს, ვერცხლის წყალი ხანგრძლივად უნდა დარჩეს ზედაპირზე და აორთქლება უნდა დაიწყოს. შესაბამისად, როდესაც თერმომეტრი გატყდება, ის უნდა მოიხვეტოს და შემდეგ, სველი წესით უნდა დამუშავდეს ზედაპირები. არაფერი საშიში ამას თან არ ახლავს.

ცხელების დროს, როდის არის აუცილებელი, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს ან გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

რა თქმა უნდა, დასაწყისში, თავიდან ყოველთვის ველოდებით და ცხელების პირველივე ეპიზოდზე და პირველივე საათებში, არ მივმართავთ არც ექიმს და არც გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.

მაშინაც, თუ სიცხე 40°-ია?

მაშინაც კი, როცა 40-41°-ია ტემპერატურა.

ცხელება და ვირუსული ინფექციები ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ბაღში მოსიარულე ბავშვებში. ბავშვი სამი დღე ბაღში მივა, მერე, ერთი კვირა ავადობს, დაბრუნდება ბაღში და შემდეგ, ისევ ავადობს… ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასე, რომ მაღალი ცხელება ასეთ შემთხვევაში საშიში ნამდვილად არ არის, უბრალოდ, უნდა ვმართოთ ის.

განვიხილოთ, აუცილებლად როდის უნდა მივმართოთ ექიმს ან გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს… თუ ბავშვი არის 3 თვემდე ასაკის და რექტალური ტემპერატურა 38-ზე მაღალია, ის ძალიან მალევე უნდა შეფასდეს პედიატრის მიერ. აუცილებელია, რომ მალევე მოხდეს ექიმთან ვიზიტი ამბულატორიულ პირობებში, რომ მოხდეს პაციენტის შეფასება და გადაწყდეს, სად გაგრძელდეს მკურნალობა, ბინაზე თუ სტაციონარში.

თუ პაციენტს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მაგალითად, სიმსივნური პროცესი (იქნება ეს აქტიური თუ წარსულში არსებული პრობლემა), თუ აქვს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მაშინ ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში, ძალიან მალე უნდა მივმართოთ ექიმს.

სხვა შემთხვევაში, თუ ცხელება ხანგრძლივდება ან თუ ცხელებას თან ახლავს ისეთი ნიშნები, როგორიცაა შეუპოვარი ღებინება, შეუპოვარი დიარეა, თუ ვერ ხდება სითხეებით ბავშვის შევსება, თუ ბავშვი  ძნელად შემოდის კონტაქტში, ვერ იღვიძებს, არის მივარდნილი, თუ კანზე გაჩნდა სისხლჩაქცევის მსგავსი გამონაყარი, თუ არის ძალიან ძლიერი თავის ან მუცლის ტკივილი, თუ არის კისრის ისეთი ტკივილი, რომ ბავშვს უჭირს თავის დახრა, თუ ბავშვი ტირის ისე, რომ ვერ ვაწყნარებთ და არის აგზნებული, მაშინ სასწრაფოდ უნდა მივმართოთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს, იქნება ეს დღის თუ ღამის საათები.

როდესაც არის ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია ან კონტაქტი ვირუსულ ინფექციასთან, არის მაღალი ცხელება, მაგრამ ბავშვი ზოგადად ჯანმრთელია, ასეთ შემთხვევაში, პირველივე დღეს არც ექიმია საჭირო და არც გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი და რა თქმა უნდა, არც არანაირი კვლევის ჩატარება.

ბინის პირობებში ტემპერატურის მართვა ახსენეთ და ყველამ ვიცით, რომ სიცხის მართვისას ძირითადად 2 ტიპის პრეპარატი გამოიყენება. რა სიხშირით ვანაცვლებთ ამ პრეპარატებს ერთმანეთს და როგორ ვსაზღვრავთ დოზებს?

დოზა ისაზღვრება წონის მიხედვით და არა ასაკის მიხედვით, ამიტომ პედიატრი ამას ყოველთვის ინდივიდუალურად ეუბნება მშობელს. თვითონ შეფუთვაზე ყოველთვის აწერია ასაკის მიხედვით, მაგრამ იქ აღებულია კონკრეტული ასაკის ბავშვების საშუალო წონა და მითითებულია მინიმალური დოზა, რომ საფრთხე არ შეუქმნას პოპულაციას.

მედიკამენტი სულ ორი სახის გვაქვს, ეს არის იბუპროფენის ჯგუფი და ეს არის პარაცეტამოლის ჯგუფი. სხვა არცერთი მედიკამენტის გამოყენება, განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რეკომენდებული არ არის.

საერთოდ, მოწოდებულია, რომ ერთი ტიპის სიცხის დამწევი გამოვიყენოთ, თუ პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, იბუპროფენის ჯგუფი ყოველ 7-8 საათში ერთხელ შეიძლება, რომ გამოვიყენოთ, ანუ თუ ბავშვს დილას მივეცით იბუპროფენი და შუალედში ის კარგად არის, დაბალი აქვს ტემპერატურა, არ აწუხებს ტემპერატურის მატება, ჯობია, რომ 7-8 საათში, ისევ იბუპროფენი მივცეთ და არ შევუცვალოთ. ყოველთვის ჯობია, რომ ტემპერატურა ერთი დამწევით ვაკონტროლოთ. არის შემთხვევები, როცა ვირუსის პირველ დღეებში, ძალიან მაღალია ტემპერატურა და რთულია ამხელა შუალედის შენარჩუნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ერთი ჯგუფის პრეპარატის მიღებიდან, მინიმუმ ორი საათი უნდა იყოს გასული, რომ ბავშვს მეორე ჯგუფის მედიკამენტი მივცეთ.

იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტებს შორის ინტერვალი, როგორც უკვე გითხარით, 7-8 საათი უნდა იყოს, პარაცეტამოლის ჯგუფის მედიკამენტებს შორის 4-6 საათი, ერთმანეთს შორის კი – მინიმუმ 2 საათი.   

ზოგადად, როგორც თავიდანვე ვთქვი, ცხელება ეს ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. გავრცელებული მითია, რომ მაღალი ცხელება თავის ტვინს, სხეულს აზიანებს. არაფერს მსგავს არ აკეთებს, როდესაც ვიცით, რატომ არის ცხელება. როდესაც უცნობი ეტიოლოგიის ცხელებაა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ რიდესაც ვირუსული ინფექციაა, მაღალი ცხელების დროს, ორგანიზმი გამომწვევ მიზეზს ებრძვის, ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ ის ნორმაზე დავიყვანოთ, რადგან ამით ჩვენ, ასე ვთქვათ, ხელს ვუშლით ორგანიზმს, რომ ვირუსულ ინფექციას ებრძოლოს. შესაბამისად, აუცილებლად უნდა დავიცვათ ინტერვალები მედიკამენტებს შორის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავაჭარბოთ დოზას, რადგან გადაჭარბებულმა და მაღალმა დოზამ შეიძლება, ბევრად უფრო საზიანო გვერდითი ეფექტები მოგვცეს, ვიდრე თვითონ ცხელებამ.

ხანდახან ინტერვალების დაჭერა ერთი ჯგუფის მედიკამენტს და მეორე ჯგუფის მედიკამენტს შორისაც ძალიან რთულია, თუ ვირუსი მწვავე ფორმით მიდის და ცხელება წამყვანი სიმპტომია. ამ დროს, მშობელს რაღაც დამატებითი საშუალება სჭირდება იმისთვის, რომ ტემპერატურას მოერიოს, რადგან მედიკამენტის ხელმეორედ მიცემა არ შეუძლია, რადგან ამისთვის სათანადო დრო გასული არ არის … რა შეიძლება, რომ ასეთ დროს გავაკეთოთ?

პირველ რიგში, როდესაც ბავშვს მედიკამენტს ვაძლევთ, მედიკამენტის მიმართ სწორი მოლოდინი უნდა გვქონდეს. როდესაც ვამბობთ, რომ ტემპერატურა არ ემორჩილება სიცხის დამწევს, როგორც წესი, ეს არასწორად აღქმული ინფორმაციაა. როდესაც ჩვენ პაციენტს მედიკამენტს ვაძლევთ, თუ მას 40 გრადუსი აქვს ტემპერატურა, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ტემპერატურა 36,6-ზე ჩამოვა და სრულად ნორმალიზდება. 3-4 ერთეულით ქვევითაც რომ ჩამოვიდეს ტემპერატურა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ტემპერატურა სიცხის დამწევ საშუალებას დაექვემდებარა. მნიშვნელოვანია დროც, რადგან მედიკამენტის შეწოვასაც დრო სჭირდება. მედიკამენტის მიცემიდან 10 წუთში, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ტემპერატურა ქვევით ჩამოვა, რადგან ამ დროში მედიკამენტი ჯერ არ იქნება ორგანიზმში შეწოვილი და არ ექნება დაწყებული მოქმედება. ორალურად მისაღებ მედიკამენტებს დაახლოებით 30-40 წუთი სჭირდებათ მოქმედების დასაწყებად. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, როდის გადავაკონტროლოთ ტემპერატურა და როდის ვთქვათ, რომ ტემპერატურა სიცხის დამწევს არ ემორჩილება. თუ საერთოდ ძვრა არ აქვს ტემპერატურას, ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ არ ემორჩილება.

ზოგადად, სწორ ნაწლავში სანთლის ფორმით მიღებული მედიკამენტი უფრო სწრაფად მოქმედებს, რადგან უფრო სწრაფად ხდება მისი შეწოვა და შესაბამისად, მოქმედებაც უფრო სწრაფად იწყება.

რაც შეეხება სხვა მეთოდებს, არსებული ალტერნატიული, ძველი მეთოდების ნაწილი საკმაოდ ეფექტური და აბსოლუტურად უსაფრთხოა. მაგალითად, მაღალ ცხელებაზე ბავშვის მექანიკური გაგრილება, ანუ თბილ, ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული და შემდეგ კარგად გაწურული ნაჭრით ბავშვის დაზელა მაგისტრალური სისხლძარღვების პროექციაზე, ანუ იღლიის, გულ-მკერდის, ზურგის, ბარძაყის მიდამოებში. ეს მოგვცემს იმას, რომ ტემპერატურა ცოტათი დაიწევს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ უნდა ველოდოთ, ტემპერატურის სრულად ნორმალიზებას. ეს ცოტახნით დაგვეხმარება, ხანმოკლე ეფექტი აქვს, მაგრამ მექანიკური გაგრილება მიღებული მეთოდია. მისაღებია შხაპის მიღებაც. ოღონდ, ეს მაშინ, როცა ბავშვს უკვე მაღალი აქვს ტემპერატურა, თუ მთლიანად ცხელია და არა მაშინ, თუ კანკალებს, აქვს პერიფერიული სპაზმი და გაყინული აქვს ხელ-ფეხი. თუ ხელ-ფეხი გაყინულია, ასეთ შემთხვევაში, ბავშვს მხოლოდ ხელ-ფეხი უნდა მოვათავსებინოთ თბილ წყალში. ეს მეთოდები აბსოლუტურად უსაფრთხოა და შეგვიძლია მათი გამოყენება.

გამიგია შემდეგი მეთოდიც, ცივ წყალში დასველებული ნაჭრის ზურგზე ან მუცელზე მოთავსება, რაც, კი, ჩამოწევს ტემპერატურას, მაგრამ ამის გამოყენება უსაფრთხო ნამდვილად არ არის, რადგან შეიძლება, პირიქით, გადავაციოთ ორგანიზმი. ასევე, ხშირად გამოიყენება სპირტიანი და ძმრიანი წინდები და ნაჭრები, რაც ასევე ცუდი ვარიანტია, რადგან ძმარმა და სპირტმა შეიძლება, რომ კანი საკმაოდ გააღიზიანოს. უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო სუსტია მისი კანი და კანიდან შეწოვაც უფრო მარტივად ხდება. შესაბამისად, ამ ნივთიერებების კანში შეწოვამ, შემდგომში შეიძლება, სერიოზული საფრთხეები გამოიწვიოს. ძმრიანი და სპირტიანი წინდების გამოყენებას არანაირი უპირატესობა არ აქვს. აჯობებს, უსაფრთხო მეთოდებს მივმართოთ.

მაღალი ცხელების დროს, როდის უნდა ველოდოთ ფებრილური გულყრის განვითარებას, არსებობს რაიმე რისკჯგუფი?

რა თქმა უნდა, ფებრილური გულყრა ყველა პაციენტთან არ ვითარდება. ის ძირითადად გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონდე ბავშვებში ხდება, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მსგავსი გამოცდილება ოჯახში არავის ჰქონდეს, მაგრამ ბავშვს მაინც განუვითარდეს აღნიშნული პრობლემა. ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ხდება გულყრა ცხელების დროს, დადგენილი არ არის. ძალიან კარგი ამბავი არის ის, რომ ეს უწყინარი გულყრაა და ამას ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება საფუძვლად არ უდევს.

ფებრილური გულყრა ვითარდება მაღალ ცხელებაზე, უმეტესად 6 თვიდან 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში და შემდგომ ის ძირითადად უკვალოდ ქრება. 

როდის განვითარდება ან გამეორდება თუ არა ფებრილური გულყრა კონკრეტულ პაციენტთან, ამის პროგნოზირება, წარმოუდგენელია. შეიძლება, იყოს პაციენტი, რომელსაც ერთადერთხელ განუვითარდა გულყრა და შემდეგ სხვა ვირუსების დროს აღარ განუმეორდა და შეიძლება, იყოს პაციენტი, რომელსაც 3-4-ჯერ ან მეტჯერ განუვითარდა.

რა თქმა უნდა, ეს მშობლებისთვის ძალიან მძიმე სანახავი და აღსაქმელია, მაგრამ ამ გულყრას არაფერი სჭირდება, თავისით ჩამთავრდება. რაც ამ დროს უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ბავშვი უნდა მოვათავსოთ უსაფრთხო პოზიციაში, უსაფრთხო ზედაპირზე, ლოგინზე ან რაიმე რბილ ზედაპირზე, რომ ავიცილოთ თავის ტრავმა. არ უნდა გავაკავოთ და გავაჩეროთ ბავშვი, გულყრა აუცილებლად თავისით ჩამთავრდება. ერთადერთი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გულყრის შემდგომ, შესაძლოა, იყოს ღებინება, ამიტომ გულყრის დროს და შემდგომ, ბავშვი გვერდულ პოზიციაში უნდა დავაწვინოთ. შეგვიძლია, გამოვაღოთ ფანჯარაც, რომ დიდი რაოდენობით ჟანგბადი შემოვიდეს. ენის დაჭერა, პირის ძალით გაღება, შავი ფერის ნაჭრის თვალებზე გადაფარება ეფექტური არ არის და მშობლების ასეთი მოქმედებების გამო, ბავშვებს შემდგომ ხშირად აქვთ ტუჩის-კბილის ტრავმა და ა.შ.

როდესაც ფებრილური გულყრის მქონე პაციენტი სტაციონარში წვება, მშობელი ყოველთვის აღელვებულია და ჩვენ წინასწარ ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ ბავშვს აქაც რომ განუვითარდეს ფებრილური გულყრა, ჩვენც არაფერს გავაკეთებთ და მხოლოდ დაველოდებით, რადგან როგორც წესი, ის თავისით სრულდება და მედიკამენტის გამოყენებასაც კი არ საჭიროებს.

შეიძლება თუ არა, ცხელების დროს, პრევენციის მიზნით, რაიმე მედიკამენტის გამოყენება, თუ ბავშვს აქამდე უკვე ჰქონდა ფებრილური გულყრა?

ამის შესახებ აზრები იყოფა, თუმცა ნევროლოგთა უმეტესობა მაინც იძლევა რეკომენდაციას. ზოგადად,  ცხელების მართვაც იცვლება, თუ ანამნეზში ფებრილური გულყრა ფიქსირდება. ასეთ დროს, ბავშვს უფრო დაბალ ტემპერატურაზე ეძლევა სიცხის დამწევი, რადგან მაინც ვცდილობთ, რომ მაღალი ტემპერატურა თავიდან ავიცილოთ. ზოგიერთ შემთხვევაში, 1-2 დღე, როცა ძალიან მაღალია ტემპერატურა, ბავშვს პრევენციისთვის კონკრეტული მედიკამენტიც ეძლევა, რაც რაღაც პროცენტით ამცირებს ფებრილური გულყრის განვითარების ალბათობას.

ფებრილური გულყრის შემდეგ, როგორც წესი, ბავშვის სტაციონარში თავსდება და მას ნევროლოგი აკვირდება. რომ განვმარტოთ, თუ ეს გულყრა ასეთი უსაფრთხოა, რატომ ხდება საჭირო ბავშვის კლინიკაში მოთავსება, ნევროლოგის დაკვირვება და მთელი რიგი კვლევები?

ფებრილურ გულყრაზე კვლევას არ ვატარებთ, ამას რაიმე დამატებითი გამოკვლევა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, რადგან არსებობს იმის ალბათობა, რომ შეიძლება, ფებრილური გულყრა განმეორდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს სტაციონარში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან შეიძლება, გულყრა გახანგრძლივდეს.

როდესაც გადის 3-4 დღე და მაღალი ტემპერატურა არ იწევს, მშობლები ხშირად თვითნებურად მიმართავენ ანტიბიოტიკის გამოყენებას, მაშინ, როცა ექიმების მთავარი რეკომენდაციაა, რომ დავიცადოთ, გავაკეთოთ გარკვეული კვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ, საჭიროების შესაბამისად დავიწყოთ ანტიბიოტიკების გამოყენება. რატომ არ არის სასურველი ანტიბიოტიკის თვითნებურად, მალევე გამოყენება, თუ უმეტეს შემთხვევაში ანტიბიოტიკის დაწყებისას, ცხელება იკლებს და სრულდება?

სამწუხაროდ, ასე არ ხდება და ყოველ ჯერზე ნამდვილად არ ჩამოდის ტემპერატურა. მშობლებს ხშირად აღუნიშნავთ, რომ ბავშვს აძლევენ ანტიბიოტიკს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხელება მაინც გრძელდება. თუ ცხელება სუფთა ვირუსული ხასიათისაა, ანტიბიოტიკოთერაპია არაფერს გააკეთებს. ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციის, ბაქტერიის საწინააღმდეგოა და თუ იქ არ არის ბაქტერია და არის ვირუსი, ანტიბიოტიკის მიღებას აზრი არ აქვს და ეს, პირიქით, საზიანოც შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის, რადგან ანტიბიოტიკზე ყოველთვის ყალიბდება რეზისტენტობა.

ჩვენ ვიცით, რომ ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება 5-6 და 10 დღეც კი გამოიწვიოს ცხელება. მაგალითად, წელს გავრცელებული სეზონური გრიპისას, ცხელება 10 დღემდე გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ვირუსის დროს, მეათე დღეს ტემპერატურა არ უნდა იყოს ისეთი მაღალი, როგორც პირველ დღეებში. აქ 10 დღის განმავლობაში დაბალი, სუბფებრილური ტემპერატურის გახანგრძლივებაზე გვაქვს საუბარი. ვირუსის დროს, თავიდან თუ სულ მაღალია ცხელება, შემდეგ უკვე არც ცხელებაა ისეთი მაღალი და თვითონ ცხელებებს შორის ინტერვალებიც ხანგრძლივდება.

თუ ცხელება 10 დღის განმავლობაში ისე ხანგრძლივდება, რომ სულ მაღალია და არ ჩამოდის ტემპერატურა, თუ ცხელებებს შორის არ იზრდება ინტერვალები, მაშინ ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ ეს ყველაფერი ბაქტერიული ინფექციით გართულდა. ასეთ შემთხვევაში, კვლევების შედეგად და ექიმის დანიშნულების მიხედვით, რა თქმა უნდა,  ანტიბიოტიკოთერაპია გამართლებული და ძალიან ეფექტურია და პაციენტის მდგომარეობა უკვე პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგაც მკვეთრად უმჯობესდება.  

რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის დასრულების შემდეგ, ცხელების დაწევის შემდეგ, რამდენიმე დღეში თავიდან იწყება ცხელება და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

ზოგჯერ ვირუსს ახასიათებს შემდეგნაირი მიმდინარეობა, როცა რამდენიმე დღე არის ცხელება, შემდეგ 1-2 დღე არის ნათელი ეპიზოდი და შემდეგ ისევ ცხელება. თუ ეს ვირუსული ინფექციის თავისებურებაა, ეს როგორც წესი, წინასწარ ვიცით ხოლმე და მშობელსაც ვაფრთხილებთ, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რაღაც ახალი, სხვა ვირუსული ინფექცია, ამისგან დაზღვეული არავინაა. შესაბამისად, ექიმმა აუცილებლად უნდა შეაფასოს ცხელება ძველი ინფექციის ნარჩენია თუ რამე ახალთან გვაქვს საქმე.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურის შემდეგ ცხელება საგრძნობლად ეცემა, როცა თერმომეტრი 35 გრადუსს გვიჩვენებს და როცა ბავშვს კიდურებიც კი გაყინული აქვს?

ინფექციის ჩამთავრების შემდგომ, ასეთი რამ ხშირია, მაღალი ტემპერატურის დასრულების შემდეგ, ხშირად ვითარდება დაბალი ტემპერატურა და ეს ხდება უმეტესად ღამით, მაშინ, როცა ბავშვი მოსვენებულ მდგომარეობაშია, როცა არ არის აქტიური და სძინავს. ამ დროს ტემპერატურა 35 გრადუსი შეიძლება იყოს.

ამ დროს ბავშვს აუცილებლად უნდა გამოვუცვალოთ საღამური, რადგან ამ ყველაფერს თან ახლავს ოფლიანობაც და ის მექანიკურად უნდა გავათბოთ. ამ შემთხვევაში, სხვა რეკომენდაცია არ არსებობს. თუ ასეთ დროს, ბავშვი მღვიძარია, შეგვიძლია, თბილი ჩაი მივცეთ, თუ არადა ტანსაცმელების და ა.შ. მეშვეობით შეგვიძლია გავათბოთ. ჩვენ ამის შესახებაც ვაფრთხილებთ მშობლებს. ეს საშიში მდგომარეობა არ არის, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს პოსტვირუსული ან პოსტინფექციური მდგომარეობაა.