ჭინჭრის ციება ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელსაც კანზე პატარა ლაქებისა და მოზრდილი ბუშტუკების გაჩენა ახასიათებს. ჭინჭრის ციება შეიძლება განვითარდეს ცალკე ან ანგიოდემასთან ერთად. ანგიოედემა კანის ღრმა ფენების შეშუპებაა, ჩვეულებრივ – თვალებისა და ტუჩების გარშემო. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა უმეტეს შემთხვევებში უვნებელია და თავისით გადის, თუმცა სახიფათოა მწვავე ანგიოედემის ისეთი ფორმა, რომელიც ენისა და ხორხის შეშუპებას იწვევს, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა სასუნთქი გზები დაიხშოს. ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს საკვებმა – თხილი, კვერცხი და რძე. გარემოში არსებულმა ალერგენებმა (მცენარის მტვერი, მწერის შხამი, რომელიც ნაკბენიდან იჭრება ორგანიზმში); გარეგანმა ფაქტორებმა: სიცხე, მზის სხივები, სიცივე, წყალი, ემოციური სტრესი. მედიკამენტებმა; ასევე დაავადებებმა – ჭინჭრის ციება და ანგიოედემა იმუნური სისტემის პათოლოგიის (მგლურას),ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ზოგიერთი ტიპის სიმსივნის; ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის – აივ ინფექციის, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის – საპასუხოდ შეიძლება განვითარდეს.
ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის ძირითადი გამოხატულება გამონაყარია. კანზე გაჩენილი ბუშტუკები შეიძლება იყოს: ოვალური, წითელი ან კანისფერი, ახასიათებს ქავილი. ჭინჭრის ციება მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ფორმის დროს გამონაყარი უმეტესად 24 საათში ქრება, ქრონიკული კი შესაძლოა თვეობით და წლობით გაგრძელდეს. ანგიოედემისა და ჭინჭრის ციების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პირები, რომელთაც: ერთხელ მაინც ჰქონიათ ალერგიული რეაქცია; ერთხელ მაინც გადაუტანიათ ანგიოედემა ან ჭინჭრის ციება; აქვთ ისეთი დაავადება, რომელიც ალერგიულ რეაქციასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია). ანგიოედემას ახასიათებს: შეშუპება, სიწითლე; დიდი, მკვრივი ბუშტუკები; ტკივილი და სიმხურვალე დაზიანებულ მიდამოში.
ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევების მკურნალობა სახლის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ თუ სიმპტომები რამდენიმე დღე გაგრძელდა, საჭიროა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აღინიშნება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. სიმპტომების შემსუბუქებას უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ტკივილის და შეშუპების საწინააღმდეგო, იმუნიტეტი ასამაღლებელი პრეპარატები.