LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში ელექტრომანქანების სადგომი შენდება – ივანიშვილი დაპირების ასრულებას იწყებს?!

516
AR-180619829

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში სადგური და 1000 ავტომობილზე გათვლილი ღია ავტოსადგომი მოეწყობა.

სადგურისა და ღია ავტოსადგომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.

დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ პროექტი 4.2 ჰა ტერიტორიაზე ხორციელდება. ავტოსადგომზე უნდა მოეწყოს 200 ადგილი ელექტრომანქანისთვის, სატენი პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი უნდა იყოს გადახურული, ასევე ადგილზე უნდა აშენდეს 10 ავტობუსის ავტოსადგომი.

სატენდერო მოთხოვნებში ავტოსადგომის ტერიტორიის შესასვლელის გზასთან დაკავშირებაც გვხვდება, შესაბამისი კონსტრუქციით (მაგ. ხიდით). შესასვლელსა და გასასვლელში კი ბილეთები ავტომატური აპარატებით უნდა გაიცემოდეს.

 

ადგილზე იგეგმება საპირფარეშოს, სარეკლამო ბანერების, სანაგვე ურნებისა და სკამების მოწყობაც.

სადგური მოემსახურება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც მგზავრების ავტოსადგომიდან დაბა აბასთუმანში გადასაყვანად.

ტენდერზე წინადადებების მიღება 5 მაისს იწყება და დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენისთვის მხოლოდ 5 დღე აქვთ.

შეგახსენებთ, აბასთუმნით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ადგილზე არსებული შენობების რეაბილიტაციის სურვილი გამოთქვა. ამასთან ივანიშვილმა დააანონსა, რომ იწყებს ექსპერიმენტს – “აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი”. 2018 წლის 26 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ამ ექსპერიმენტის გასახორციელებლად, ადგილობრივებს ის პირადად დაეხმარება.

“ჩვენ უნდა შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში მსგავსი არ არის. ობსერვატორიაზეც მიდის ზრუნვა. ვაპირებთ, გავაკეთოთ ცალკე მანქანების სადგომი. აბასთუმანში სულ 800 ოჯახია. თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, 10 წლის შემდეგ საქართველო შესაძლოა, პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ამ დოზით შეცვლის მანქანებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

აბასთუმნის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეაცხადებს, რომ ტუბერკულოზის ჰაერით განკურნებას არცერთი მეცნიერული კვლევა ან მტკიცებულება ადასტურებს

 

გარდა ამ სიახლეებისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ კურორტი სამკურნალო დანიშნულებას იცვლის და იქ მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ერთი თვის წინ განაცხადა.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფომ პაციენტების სტაციონალური მკურნალობა უკვე შეაჩერა და ამბულატორიულზე გადავიდა. აქ მყოფი 25 პაციენტიდან შვიდი სტაციონალში გადაიყვანა, ხოლო 18 ამბულატორიულ მკურნალობაზე.