აბასთუმნის ობსერვატორიაში ტურისტებისთვის სამოყვარულო ჭოგრიტი დაიდგმება.
როგორც „ფორტუნას“ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ განუცხადა, ჭოგრიტის დადგმას ითვალისწინებს აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყება.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აბასთუმნის საბაგიროს რეაბილიტაცია და ობსერვატორიაში კორპუსის გარემონტება, სადაც ტურისტებისთვის განკუთვნილი სამოყვარულო ჭოგრიტი დაიდგმება. აგრეთვე, მოხდება კულტურული მემკვიდრეობის 18 ძეგლის რეაბილიტაცია,“- განაცხადა მაჭუტაძემ.
მისი თქმით, წელს საპროექტო სამუშაოები დაიწყება, რომელიც საკმაოდ შრომატევადია.
„შესაძლოა, მოესწროს მშენებლობა-რესტავრაციის დაწყებაც. პროექტის დასრულების ზუსტი ვადები ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სადაც „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ პროექტის შესახებ ახალი დეტალები იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. მათ შორის, ინფორმაცია განვითარების გეგმის და რეაბილიტაციის ვადების შესახებ.
გეგმის მიხედვით, აბასთუმნის ურბანული აღდგენა უნდა მოხდეს, რაც ხის სახლების რესტავრაციას ითვალისწინებს. კულტურული მემკვიდრეობისთვის რეაბილიტაციისათვის 6 მილიონი დოლარია გამოყოფილი, 2 მილიონი დოლარი კი ობსერვატორიის რეაბილიტაციას მოხმარდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.