რუსი ოლიგაქრის რომან აბრამოვიჩის ლონდონის იმპერია სანქციების შემდეგ ჩამოიშალა. ვრცელ სტატიას Bloomberg აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ უკანასკნელი დარტყმა აბრამოვიჩმა გასულ თვეში მიიღო, როცა MHC-მა, რომელიც კონფლიქტამდე მისი ოჯახის ოფისის შემადგენლობაში ფუნქციონირებდა, ლიკვიდაციაზე შეიტანა განაცხადი.
მანამდე კი აბრამოვიჩის „ბრიტანული“ ქონება, ჩელსის საფეხბურთო კლუბიდან დაწყებული, ძვირად ღირებული სახლებით დამთავრებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიყიდა, ან გაიყინა.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აბრამოვიჩის ძირითადი აქტივების ღირებულება ლონდონში 4 მილიარდ ევროს აღწევდა, რაც იმ დროისთვის მისი მთლიანი ქონების მესამედს წარმოადგენდა. 55 წლის აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუსი ოლიგარქია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკაში მილიარდების ინვესტიცია ჩადო.
„სანქციები გამიზნული იყო აბრამოვიჩის მსგავსი ოლიგარქებისთვის დისკომფორტის შესაქმნელად, რათა პუტინზე ზეწოლა განეხორციელებინათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლონდონი მისთვის ჩაიკეტა, ის უფრო მეტად არის დამოკიდებული პუტინზე, რადგან სანქციები მას რუსეთში აბრუნებს“,- განაცხადა საკონსულტაციო ფირმა Sibylline-ის ანალიტიკოსმა ლიანა სემჩუკმა. მისივე თქმით, სანქციების გაუქმების საეჭვო სცენარის შემთხვევაშიც კი, მისთვის ძალიან რთული იქნება გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირისკენ დასაბრუნებელი გზის პოვნა.