პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტის ინიცირება მოახდინა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.
„ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა – ვინ მიიჩნევა ოლიგარქად
როგორ აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს – ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „ეს არაფრისმთქმელი და მკვდრადშობილი პროცესია, რომელიც არსად არ მიგვიყვანს“.
„ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული კანონი ოპოზიციონერ მდიდარ ადამიანებს მოარგოს და ოპოზიცია თავის მხრივ, აგრეთვე სცოდავს, იმიტომ, რომ უნდათ, რომ პერსონიფიცირებული იყოს ეს კანონი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ეს არის დესტრუქციული მიდგომა, იმიტომ, რომ კანონმდებლობის პერსონიფიცირება ეს არის არაპროდუქტიული მიდგომა.
კანონს არ ვიღებთ პერსონებისთვის, ვიღებთ იმისათვის, რომ სისტემურად გადაწყდეს ესა თუ ის პრობლემა.
ორივე მხარე სცოდავს, ვინაიდან არა სახელმწიფოებრივი ამოცანებიდან, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან ამოდიან.
ჩემი პროგნოზია, რომ აბსოლუტურად არაფრისმთქმელი, მკვდრადშობილი პროცესია, რომელიც არსად არ მიგვიყვანს. არავინ არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ სისტემა თავის თავს დასჯის. ასე არავინ არ აკეთებს. სისტემური ცვლილებები ხდება ხელისუფლების ცვლილების პროცესში.
ეს არის გზა არსაითკენ. ეს არის მუდმივი იწილო-ბიწილო რასაც ჩვენ ვუყურებთ წლების განმავლობაში“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.