LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა – ვინ მიიჩნევა ოლიგარქად 

63
პარლამენტი თბილისი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბიუროს სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა.

როგორც პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათშია მითითებული, კანონპროექტი ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული და არსობრივად უკრაინის კანონის ნორმებს იმეორებს.

კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად ანუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, 3 მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
  • არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
  • მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით მილიონჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს;

კანონპროექტის თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი იღებს, რის საფუძველზეც ეს პირი ოლიგარქთა რეესტრში შეჰყავთ.

ოლიგარქად ცნობის შემდეგ პირს ეკრძალება:

პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება;

  • აგრეთვე კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
  • ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
  • ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა;
  • პირი, რომელიც ცნობილია ოლიგარქად, ვალდებულია, რეესტრში შეყვანისთანავე წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ოლიგარქებთან ან მათ წარმომადგენლებთან კონტაქტების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას. კერძოდ:

  • საჯარო მოსამსახურე ოლიგარქთან ან მის წარმომადგენელთან კონტაქტის შემთხვევაში ვალდებულია წარადგინოს კონტაქტების დეკლარაცია; კონტაქტი გულისხმობს შეხვედრას და საუბარს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), ტელეფონით ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებით კომუნიკაციას, მიუხედავად მისი შინაარსისა;
  • ოლიგარქები და მათი წარმომადგენლები საჯარო მოსამსახურეებთან შეხვედრამდე (საუბრამდე) ტელეფონით ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებით კომუნიკაციამდე ვალდებული არიან, წინასწარ გააფრთხილონ საჯარო
  • მოსამსახურეები იმის შესახებ, რომ ისინი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირები რეესტრში არიან შეყვანილი.

კონტაქტების დეკლარაციის წარდგენა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო პირსა და ოლიგარქს/მის წარმომადგენელს შორის კონტაქტი შედგა შემდეგ ადგილას:

  • ოფიციალურ ღონისძიებებზე, რომელთა მიმდინარეობა საჯაროდხელმისაწვდომ რეჟიმში პირდაპირი ეთერით გადაიცემა რადიოს, ტელევიზიის ან ინტერნეტის მეშვეობით;
  • სასამართლო სხდომაზე;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოთა ინიციატივით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებზე (კონფერენციებზე), თუ არსებობს მონაწილეთა სრული ჩამონათვალისა და განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია განთავსებულია ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კანონპროექტის თანახმად, პირის ოლიგარქთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ დადგინდება, რომ პირი ერთდროულად არ აკმაყოფილებს ოლიგარქად ცნობისთვის დადგენილ სულ მცირე 2 კრიტერიუმს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი − კანონის გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს. გარდა ამისა, კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ძალას დაკარგავს მისი ძირითადი ნაწილის ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები