LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ექსპლუატაციაში შედის

134
აბუ დაბი

1 ნოემბრიდან აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი იწყებს ფუნქციონირებას.

A ტერმინალიდან პირველ საზეიმო ფრენას არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways ერთი დღით ადრე, 31 ოქტომბერს განახორციელებს, 14 ნოემბრიდან კი რეისებს, ჯამში, 28 ავიაკომპანია 117 მიმართულებით შეასრულებს.

A ტერმინალი მსოფლიოში ყველაზე დიდ ტერმინალად უკვე დასახელდა. მისი მიზანი აბუ-დაბისთვის გლობალურ ტურისტულ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირებაში ხელშეწყობაა. მისი მეშვეობით აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა ნაკადის ზრდას, კერძოდ, წლის განმავლობაში, ჯამში, 45 მილიონამდე მგზავრის მიღებას მოელის.

A ტერმინალი ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ საყიდლებზე სიარულის მოყვარულთათვის სამოთხედ იქცევა. 35 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ სივრცეში 163 სავაჭრო და კვების ობიექტი განთავსდება. ფრენამდე განსატვირთად მგზავრებს ორი სპა, 138 ნომრიანი სასტუმრო და ღია ცის ქვეშ ლაუნჯიც დახვდებათ.

A ტერმინალი მსოფლიოში პირველი იქნება, რომელსაც აეროპორტში ყველა ბიომეტრიულ მონაცემზე ექნება წვდომა. ბიომეტრიულ გადაწყვეტილებებს ბარგის შემოწმებისას, პასპორტის კონტროლისა და ჩასხდომის დროს გამოიყენებენ, მაგალითად, ლოდინის დროის შესამცირებლად მგზავრთა სახის ამოცნობის ტექნოლოგიას მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ სხვა მაღალტექნოლოგიურ საშუალებებთან კომბინაციით ბარგის შემოწმების სისტემას საათში 19 200-მდე ჩანთის გატარების საშუალება ექნება.

გარდა იმისა, რომ A ტერმინალი ეკომეგობრული მასალებით აიგო, მასში განთავსებული სისტემები წყლის მოხმარებას 45%-ით, 7500-ზე მეტი მზის პანელი კი, რომელიც 3 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ნახშირორჟანგის გამოყოფის მაჩვენებელს წელიწადში 5300 ტონით შეამცირებს. ამასთან, A ტერმინალს, ახლო აღმოსავლეთში პირველს, ზედაპირზე მოძრაობის კონტროლის გაუმჯობესებული სისტემაც ექნება, რომელიც დაბალი ხილვადობის პირობებში თვითმფრინავებს სწრაფად და უსაფრთხოდ დაფრენის საშუალებას მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები