LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა – ძვირფასი ქვა, რომელიც შესასწავლია

221
აჭარა

Euronews-მა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით მოგზაურობის მოყვარულებისთვის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრილი აჭარის ძეგლების, ლეგენდარული ქართული სტუმარ-მასპინძლობისა და ბათუმის ფუტურისტული არქიტექტურის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

„შავი ზღვის სანაპიროზე დასვენების შემდეგ, სულ რაღაც 10 წუთში, შეგიძლიათ, ჩანჩქერებითა და ხელუხლებელი ტროპიკული ტყეებით სავსე მთებში აღმოჩნდეთ,“ – ამ სიტყვებით მთავრდება სტატიაში აჭარის მრავალფეროვანი ბუნების დეტალური მიმოხილვა, რის შემდეგაც მკითხველი ქართული სუფრის ტრადიციას ეცნობა:

„აჭარული სამზარეულო ევროპული და აზიური სანელებლების უნიკალური მიქსია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და მრავალფეროვანი გემოებით დაიმკვიდრა თავი. ყველაზე ცნობილი კერძი აჭარული ხაჭაპურია – ცომის ნავში მოქცეული ყველი, რომელიც კვერცხის გულით გვირგვინდება. ლეგენდის თანახმად აჭარული ხაჭაპური შორეულ ნაოსნობაში მყოფი მეზღვაურებისთვის ზღვაში ჩამავალი მზის სიმბოლო იყო. რაც შეეხება ქართულ ღვინოს, მისი ისტორია 8000 წელს ითვლის. საქართველო 500-მდე ჯიშის ყურძნის სამშობლოცაა. ღვინო ქვევრში ინახება და  ზოგჯერ სუფრამდე სტუმრებს ქვევრის გახსნის საუკუნოვან რიტუალთან ზიარების საშუალება ეძლევათ.“

Euronews-ი ფოლკლორულ მუსიკას ქართული სტუმართმოყვარეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აღიქვამს. ასევე, აღნიშნავს, რომ პოლიფონიური სიმღერა UNESCO-მ არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა.

სტატია ბათუმზე, როგორც აჭარის რეგიონის დედაქალაქზე ინფორმაციით სრულდება:

„სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ერთმანეთს წარსულის ხიბლი და თანამედროვეობა ერწყმის. ბათუმის ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება და ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებშია მოხსენიებული. განსაკუთრებულია ბათუმი მზის ჩასვლის შემდეგ. მათ, ვისაც ღამის ცხოვრება ხიბლავთ, ქალაქი ბარებისა და კლუბების დიდ არჩევანს სთავაზობს, სადაც საერთაშორისო, თუ ადგილობრივი შემსრულებლების მოსმენაა შესაძლებელი“.

magti 5g