აჭარის სასტუმროების 90% სრულად შევსებულია, – ამის შესახებ ”ფორტუნას” სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა ქეთევან მელაძემ განუცხადა.
როგორც მან რადიო ”ფორტუნას” გადაცემაში ”ბიზნესკურიერი” აღნიშნა, სასტუმროები და კვების ობიექტები ივნისის შემდეგ ვიზიტორებს მომზადებული დახვდნენ.
”საკმაოდ მომზადებული შეხვდა ჰორეკა სექტორი სეზონს. იცით, რომ აჭარაში თავდაპირველად იყო გარკვეული გაუგებრობა, როცა დიდი რაოდენობით ვიზიტორები ჩავდინენ კონცერტზე და მათმა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. არ იყო აჭარა ამისთვის მომზადებული და კარგი სიგნალი იყო იმისთვის, რომ საჭირო იყო უფრო სხვანაირი მომზადება. ამჟამად, საკმაოდ მომზადებულები არიან. სიახლეა ისიც, რომ მაღალმთიან აჭარაში ხულოს რაიონის სოფლებში შეინიშნება ვიზტორების დიდი რაოდენობა ევროპიდან. ადგილზე საბანაკე ტერიტორიაა მოწყობილი, განვითარებულია ველოტურიზმი და ლაშქრობები” – განუცხადა ”ფორტუნას” მელაძემ.
მისივე თქმით, თითქმის ბოლომდეა ათვისებული გესთჰაუსები, ხოლო ბინის კერძო გამქირავებლების სექტორი ოდნავ მოისუსტებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციის ცნობით, ივლისის მონაცემებით, საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ზრდა +3.5%-ს შეადგენს.
ივლისის მაჩვენებლებით, გაზრდილია იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვიც, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და 390,234 შეადგინა, რაც 53,368-ით მეტია 2015 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%).
