აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, აჭარას ჟურნალისტები უკრაინიდან სტუმრობენ. ჟურნალისტებმა უკვე, დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და საზღვაო ტურისტული პროდუქტები.
ბათუმის შემდეგ ისინი მთიან აჭარაში გეგმავენ მოგზაურობას. სტატიები, სადაც აჭარაში მოგზაურობა, სხვადასხვა ტურისტული ადგილები და ჟურნალისტების შთაბეჭდილებები იქნება თავმოყრილი, უკრაინის რეიტინგულ მედიასაშუალებებში ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდება.
უკრაინა აჭარისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, საიდანაც ტურისტები რეგიონს ყოველწლიურად სტუმრობენ. ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ხორციელდება, რაც ბათუმში უკრაინელი ვიზიტორების შემოსვლას ამარტივებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ახლახანს სტუმრობდა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებიც, რომლებიც უკრაინიდან რეგიონში ვიზიტორების ჩამოყვანას უზრუნველყოფენ.