LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცხადებენ, რომ რაჭის ტყეებზე ლიცენზია თვის ბოლოს გაუქმდება, მაგრამ გვინდა, პროცესს ბოლომდე დავაკვირდეთ, ამ ხალხს სიტყვაზე ვერ ვენდობით – ვარლამ გოლეთიანი

135
ვარლამ სს

სამინისტრო ცდილობს ჩვენი პროტესტი უსაფუძვლოდ წარმოაჩინოს, თითქოს მათ ბევრად ადრე ჰქონდათ გაცხადებული პოზიცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით – როდესაც ჩვენ დავიწყეთ კარვებით პროტესტი, ამის შემდეგ დაიწყო განცხადებები ლიცენზიის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, მანამდე ამაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტზე საუბრისას განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა – არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად

როგორც გოლეთიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, პროტესტის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ შამუგიასთან შეხვედრა ვერ შედგება და არც სამინისტროს შიგნით შეეძლებათ პროტესტი.

„რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, რომ მინისტრთან [ოთარ შამუგია] შეხვედრა ვერ შედგება და არც სამინისტროს შიგნით შეგვიშვებენ, ანუ არ მოგვცემენ პროტესტის უფლებას.

რაც თბილისში ვართ ჩამოსული, შინაარსამდე ვერ მივედით, საუბარი გვიწევს იმაზე, გვაქვს თუ არა პროტესტის უფლება. გვეუბნებიან, რომ არ გვაქვს. თბილისში პროტესტის მეოთხე დღეს გაირკვა, რომ მათ არც საუბარი უნდათ და არც სამინისტროს ტერიტორიაზე შეშვება.

ჩვენ გვგონია, რომ ხელისუფლება ნერვიულობს იმაზე თუ ვის დაეწერება ქულები, იმიტომ, რომ ისინი ამბობენ, რომ ლიცენზია თვის ბოლოს უქმდება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

კითხვაზე, თუკი თვის ბოლოს ლიცენზია გაუქმდება, რატომ არის მოძრაობისთვის აღნიშნული თემა აქტუალური და რატომ ჩამოვიდნენ თბილისში, გოლეთიანი პასუხობს, რომ ხელისუფლებას „სიტყვაზე ვერ ენდობიან“, ამიტომ თვის ბოლომდე დააკვირდებიან სიტუაციას.

„მინისტრმა [ოთარ შამუგია] გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს, მაისში თქვეს, რომ ლიცენზია უქმდებოდა. მაისში აცხადებდნენ, რომ ხიდაშელმა [დავით ხიდაშელი , ბიზნესმენი] არ წარმოადგინა სამეურნეო მართვის გეგმა და ამიტომ ის დაჯარიმდებოდა შესაბამისი სანქციით, რომელიც 2000 ლარს ითვალისწინებდა. ასევე კანონი ითვალისწინებდა გადავადებას, რაც გულისხმობდა კანონით დადგენილ ვადებში თავიდან სამეურნეო მართვის გეგმა წარმოედგინა.

რაზეც, გუშინ მინისტრი აპელირებდა, თითქოს მაისში ამბობდნენ, რომ ლიცენზია გაუქმდებოდა, ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. უბრალოდ თქვეს, რომ ხიდეშელმა არ წარმოადგინა გეგმა და ამის გამო ჯარიმდებოდა.

ისინი ცდილობენ ჩვენი პროტესტი უსაფუძვლოდ წარმოაჩინონ, თითქოს სამინისტროს ბევრად ადრე ჰქონდა გაცხადებული პოზიცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ დავიწყეთ კარვებით პროტესტი, ამის შემდეგ დაიწყო მათ მხრიდან განცხადებები ლიცენზიის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, მანამდე ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ახლა სამინისტრო ნერვიულობს იმაზე რომ ეს ქულა, რაღაცნაირად არ მოგვეწეროს ჩვენ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომ ქულების დაწერაზე ვმუშაობდეთ.

კი აცხადებენ, რომ ლიცენზია თვის ბოლოს გაუქმდება, მაგრამ ჩვენ გვინდა პროცესს ბოლომდე დავაკვირდეთ, ნამდვილად გაუქმდება თუ არა. ჩვენ, ამ ხალხს სიტყვაზე ვერ ვენდობით“, – განაცხადა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კერძოდ, აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g