“აცრა ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, საზოგადოებრივი შედეგებით. რაც უფრო მეტი გაითავისებს ამას, მით უფრო მალე მოიხსნება შეზღუდვები”,-ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექიმი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ასევე განმარტავს როგორ უნდა მოვიქცეთ აცრის შემდეგ.
“პირველი ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მომხრე ვიყავი, მე ვარ და ვრჩები ცხადია. ამასთან, ვთვლი რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარკვეული მცდარი იმედები და მოლოდონი გაჩნდა, რაც არანაკლებ საზიანო და საშიშია.
დავაზუსტებ, ვაქცინის გაკეთება არ ათავისუფლებს ადამიანს აცრის მერე იმ ყველა წესის შესრულებისაგან რაც მანამდე მოეთხოვებოდა. პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის წესების დაცვა კვლავ პირუთვნელად და გამონაკლისის გარეშე უნდა გაგრძელდეს.
უკვე თვეზე მეტია რაც აცრილი ვარ და არც ჩემთვის და არც ჩემი აცრილი კოლეგებისთვის არაფერი შეცვლილა ამ მხრივ. არც შეიცვლება, სანამ მოსახლეობა ჩვენს ირგვლივ მასიურად არ აიცრება და ამას თვეები დასჭირდება…
სოციალური პასუხისმგებლობის და მაგალითის მიცემის თვალსაზრისითაც გაუმართლებელია პირბადის გარეშე გამოჩენა იქ, სადაც სავალდებულოა მისი ტარება. სხვებმა ხომ არ იციან, ვინ აცრილია და ვინ არა.
გარდა ამისა, მეჩვენება რომ ზოგს უკვე პირველი ინექციის მერე ჰგონია თავი საბოლოოდ დაცული… არადა ის ვაქცინები რაც ჯერ ჯერობით გამოიყენება, მხოლოდ მეორე დოზის გაკეთების მერე “იცავს“….
დიახ, ბრჭყალებში ჩავსვი, ვინაიდან 100 % ით დაავადების თავიდან აცილების გარანტიას არც ერთი ბუნებაში არსებული ვაქცინა არ იძლევა… მაგრამ მძიმე ფორმებში გადატანას და სიკვდილიანობას მაქსიმალურად ამცირებს, მიზანიც ესაა… ამასთან, მასიური აცრები ვირუსის ცირკულაციას შეანელებს მინიმუმადე და მაშინ შეგვეძლება ამოვისუნთქოთ…
და ბოლოს, არც ერთი ქვეყანა არ კრძალავს აუცრელი ადამიანების მგზავრობას და აცრის მოთხოვნაც სამგზავროდ არსად არ არსებობს. ზოგმა ჩათვალა, რომ თუ აიცრება უპრობლემოდ შეუშვებენ ევროპაში… ერთადერთი რასაც ითხოვენ ყველგან, ეს PCR ტესტია და ვაქცინის გაკეთება მისგან არ ათავისუფლებს… ის მომავალი “სანიტარული პასპორტიც“ (არასავალდებულო) მარტო ვაქცინაციის აღრიცხვისთვის არ იქნება…
ამიტომ, კერ ჯერობით მთავარი ამოცანაა აცრების მასიური ჩატარება. მშვიდად, გააზრებულად, ინფორმირებულად. აცრა ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, საზოგადოებრივი შედეგებით. რაც უფრო მეტი გაითავისებს ამას, მით უფრო მალე მოიხსნება შეზღუდვები…”,-წერს რევაზ ბოჭორიშვილი.