LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები დაიღალნენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის კინკლაობით – პარტია „ხალხისთვის!“ გეგმავს გახდეს მესამე პოლიტიკური ძალა

151
ანა დოლ

რამდენიმე დღის წინ, ანა დოლიძის პარტია “ხალხისთვის!” ოფიციალურად დაფუძნდა. წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე ახალი პარტიების გამოჩენა ცნობილი ტენდენციაა. თუმცა „ხალხისთვის!“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ 1 წლის წინ დაარსებული მოძრაობა ტრანსფორმირდა და ხალხისთვის ბრძოლას, ხალხთან ერთად, ახალი მანდატით იწყებს.

“სად ვართ და რას ვაკეთებთ 21-ე საუკუნის ქართველი ხალხი? რატომ ჩავრჩით მესამე რიგის ქვეყნებში და რატომ ვერ ვაღწევთ თავს ამ ჭაობიდან? 21-ე საუკუნეშიც ისევ თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ისევ, სიღარიბეს ვებრძვით, ისევ სამართლიანობას ვეძებთ და შევნატრით მშვიდ ცხოვრებას. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა.”- მოძრაობის შექმნისას ამ სიტყვებით წარადგინა ანა დოლიძემ მანიფესტი ხალხისთვის.

უკვე დღეს, რა მთავარი მიზნისთვის იბრძოლებს პარტია, რა საკითხები იქნება გადასაწყვეტი და გადასაჭრელი, საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად, პარტია „ხალხისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, ნინო წულაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიას აქვს ამბიცია, რომ ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა იყოს.

„ჩვენ ხელთ გვაქვს „აირაისა“ და „ენდიაის“ კვლევები, სადაც ნათლად ჩანს, რომ  მოსახლეობის 60 % -ი არ ენდობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ესაა რეალურად ახალი ძალის დაკვეთა, მესამე ძალის, რომელიც ორპოლუსიანობას დაასრულებს და ასევე დაასრულებს მუდმივ ქილიკს ორ პარტიას შორის. რეალურად, დღის წესრიგში დადგება ხალხის ინტერესები და ხალხის პრობლემები. ეს 60 % ნიშნავს იმას, რომ ადამიანები დაიღალნენ  „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებული კინკლაობით და ამ კინკლაობაში ორ პარტიას ავიწყდება, ხალხის პრობლემები და საზოგადოების წუხილი რჩება დღის წესრიგის მიღმა.

2020 საპარლამენტო არჩევნების დროს ანა დოლიძე დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს დიდუბე- ჩუღურეთის რაიონში, მაშინ ანა დოლიძემ აიღო 18 % , ანუ 12 ათასი ხმა. ეს ნიშნავს, რომ 18 %-მა აჩვენა, რომ რეალურად დაკვეთა არის დამოუკიდებელი, სამართლიანი და მებრძოლი ძალის, რომელიც არც ერთ პარტიას არ მიეკუთვნება.

 

 

შედეგები შევაჯამეთ, საზოგადოებრივი დაკვეთა, რაც ამ პერიოდში იგივე შეხვედრებიდან მომდინარეობდა და ამ ყველაფერმა მოგვცა რეალური დაკვეთა საზოგადოებისა. დაგვანახა, რომ ხალხს სჭირდება ძალა, პარტია, რომელიც გააერთიანებს მათ ინტერესებს და გააერთიანებს მათ ღირსებებს.

რეალურად ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებას დაკარგული ღირსება აღვუდგინოთ. ჩვენი პოლიტიკური ძალით ახალი სიტყვის თქმა გვსურს. მთავარი ფასეულობა ამ შემთხვევაში იქნება, რომ  საქართველოში ადამიანებმა არ უნდა იფიქრონ გადარჩენაზე, არამედ უნდა იფიქრონ განვითარებაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული დაკვეთა, რომელიც ამბობს, რომ არ ენდობა არსებულ სპექტრს და ითხოვს, რომ ახალი ძალები შევიდნენ პოლიტიკაში. ამ ადამიანების პასუხად ჩვენ შევქმენით პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც რეალურად გააჟღერებს ხალხის ხმას და რეალურად მიიტანს გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებამდე“. – ამბობს ნინო წულაძე „ფორტუნასთან“.

 

გახდება თუ არა „ხალხისთვის!” მესამე ძალა

 

„ჩვენი ამომრჩეველი იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც გამოუცხადეს, რომ რვა თეთრით გაეზარდათ ტარიფი ბუნებრივ აირზე. ჩვენი ამომრჩეველი, რეალურად, იქნება ის ამომრჩეველი, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ არამარტო პანდემიის გამო, არამედ ზოგადად საქართველოში უმუშევრობის დონით.

ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან აზარტული თამაშებით დაზარალებული ადამიანები. ჩვენი ამომრჩეველი რეალურად იქნება  ის ადამიანი, რომლებსაც 21-ე საუკუნეშიც კი წყალი არ აქვს და ასეთი ძალიან ბევრი გვყავს, მაგალითად ლისის მოსახლეობა.

ჩვენი ამომრჩეველი იქნება ივერთუბნის მოსახლეობა. 21-ე საუკუნეში ახლადგაშენებულ უბანში არ არის გზის სავალი ნაწილი და კანალიზაცია.

ეს ადამიანები ამ პერიოდში ისეთ რთულ პირობებში არიან, რომ ხსნას ეძებენ ჩვენგან, რადგან ჩვენ გვაქვს სამართელბრივი ბერკეტები, რითიც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებამდე მიგვაქვს რეალური სათქმელი. ამ ადამიანებმა რეალურად არ იციან, ვის უნდა მიმართონ.

ჩვენი ამომრჩეველი იქნება, საპენსიო ასაკს მიღწეული ადამინები, რომლებსაც ლიბერთი ბანკში 31 -% აქვთ სესხი აღებული და რომლებსაც უბრალოდ საარჩევნო მინიმუმიც კი არ რჩებათ, იმიტომ,  რომ ძალიან მაღალ თანხას ტოვებენ ბანკში.

ამ ადამიანებისთვის შეიქმნა პარტია „ხალხისთვის“.

 

 

 

გეგმა მინიმუმი უახლოეს არჩევნებზე

 

„ვგეგმავთ „მოსმენების ტურს“ – მოძრაობა „ხალხისთვის“ აკეთებდა ამას და პარტია „ხალხისთვის“ გააკეთებს ამას. ჩვენ მოვისმენთ ყველა ადამიანის გასაჭირს.

ვკითხავთ, რა სჭირდებათ იმისთვის, რომ აღიდგინონ ძალები და წამოდგნენ ფეხზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არ დასრულებულა, რამდენიმე ტალღის გარდა ძალიან სერიოზული დარტყმები განიცადეს“, – აცხადებს ნინო წულაძე.

 

რითი განსხვავდება სხვა პოლიტიკური ძალებისგან

 

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პრობლემებზე. ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა, ხალხთან ერთად, ხალხისთვის და ხალხის გარეშე-არა.

ჩვენ ხალხის გარეშე, რომლებსაც პრობლემები აქვთ, არ უნდა ვიმოქმედოთ.

დღეს საქართველოში ძალიან ჭარბია პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის ძალიან ბევრი პარტია დარეგისტრირდა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტი დარეგისტრირდება. საზოგადოება უკვე ერთ ქვაბში ხარშავს ყველა პოლიტიკურ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მიმართ ნიჰილიზმი განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაიზარდა, გადაუწყვეტელი 6 თვის განმალობაში.

თქვენ რითი იქნებით განსხვავებული?

ჩვენ ამაზე ვპასუხობთ მოძრაობა „ხალხისთვის“ გამოცდილებით, რომელიც ერთი წის წინ 21 მაისს ჩამოყალიბდა და არაერთი უპრეცენდენტო ნაბიჯი უკავშირდება მოძრაობის სახელს.

  1. ეს არის აზარტული თამაშები და სამთავრობო პეტიციების პორტალზე 10 ათასი ხელმოწერა, რომელიც იყო პირველი პრეცენდენტი.
  2. როდესაც დაიწყო აზარტული თამაშების რეკლამების გაპროტესტება, ძალიან მალე ჩამოიხსნა ქალაქიდან გარე რეკლამები. დღეს თუ ვერ ხედავთ თეთრ ტაქსებზე და ავტობუსების გაჩერებაზე აზარტული თამაშების რეკლამებს, ეს არის ამ პეტიციის დამსახურება.
  3. ანა დოლიძე იყო და არის პირველი ადამიანი, რომელიც არამარტო საუბრობდა სასამართლოში არსებულ კლანურ მმართელობაზე, არამედ პირდაპირ დადო პროექტი მაგიდაზე.

არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ოპოზიციურს და არც მმართველ გუნდს არ აქვს გეგმა ჩამოყალიბებული, როგორ უნდა განხორციელდეს შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული სასამართლო რეფორმები. ჩვენ იმითაც განსხვავდებით მათგან.

ხელისუფლება აცდენილია იმ მოწოდებებისა და რეკომენდაციებისაგან, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით  გვაძლევენ“,- ამბობს ნინო წულაძე „კვირის თემასთან“.

საარჩევნო კოდექსის რეფორმა

 

„შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ამბიციური საარჩევნო რეფორმა. ერთი წლით ადრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსთვის მოვითხოვდით, რომ საარჩევნო უბნებზე აკრძალულიყო ტელეფონის გამოყენება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რეალურად მმართველი გუნდი ძალიან ცუდად იყენებს საარჩენო სტუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს წინასაარჩევნოდ. ამ ადამიანებს უბრალოდ ჰქონდათ შიში  და გამოხატული ნება არ იყო ნამდვილი.

ჩვენს წინადადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. არც ოპოზიციამ დაგვიჭირა მაშინ მხარი. ახლა ამ საკანონმდებლო ინიციატივაში შეიტანეს ეს ცვლილებები და აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დაეკისროს ადამიანებს. ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრამდე ვსაუბრობდით, რომ მნიშვნელოვანია ხმის მიცემის ფარულობა. 

მნიშნლოვანია, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ შიში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არჩევნები წინამოსამზადებელ პერიოდში უფრო მეტად ყალბდება. ამიტომ ჩვენ ამ მიღებული საარჩევნო რეფორმით ისეთი საარჩევნო სისტემის ფორმირება უნდა მოვახდინოთ, რომელიც ხელს შეუშლის არჩევნების გაყალბებას არამარტო არჩევნების დღეს, არამედ საარჩევნო უბანზეც, საარჩევნო უბნის გარეთაც და არჩევნების წინა პერიოდშიც. განსაკუთრებით იმ 60 დღის განმავლობაში, როდესაც აქტიურად ხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია“ . – განაცხადა ნინო წულაძემ.

 

კითხვაზე: მიიღებს თუ არა პარტია „ხალხისთვის“ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას  და რამდენად შეიძლება ვიხილოთ მათთან ერთად კოლაბორაციაში, საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილი პოლიტიკოსები, ნინო წულაძე პასუხობს „ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარტია პოლიტსაბჭოზე მიიღებს. ჩვენ უნდა შევხვდეთ ამომრჩეველს და მათი პოზიცია უნდა გავიგოთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g