LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები სოციალურ უთანასწორობას ნაკლებად აღიქვამენ მაშინ, როცა ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულ გარემოში ცხოვრობენ – ახალი კვლევა

124
Budget-Greed-Poor

დღეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების უკიდურესად მცირე ჯგუფი – 60 ათასზე ნაკლები ადამიანი, ფლობს უფრო მეტ ქონებას, ვიდრე პლანეტის მოსახლეობის ნახევარი ერთად. გლობალური ელიტა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 0,001%-ს შეადგენს, სიმდიდრით სამჯერ აღემატება მსოფლიოს ყველაზე ღარიბ 50%-ს.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) მკვლევართა ახალი კვლევა უთანასწორობის გამყარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: ადამიანების უმეტესობა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალოდ ვერ ხედავს ან საკმარისად ვერ ხედავს იმისთვის, რომ რეალური მასშტაბი შეიგრძნოს.

„ერთ-ერთი თითქმის უნივერსალური აღმოჩენა ის არის, რომ ადამიანებს საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის შესახებ საკმაოდ ცუდი წარმოდგენა აქვთ. ნაწილობრივ ეს უკავშირდება იმას, რომ ისეთი ცნებები, როგორიცაა ჯინის კოეფიციენტი, მათთვის გაუგებარია… მეცნიერები და ეკონომისტები ამ მაჩვენებლებზე საუბრობენ, მაგრამ ადამიანისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – უთხრა Euronews-ს კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მილენა ცვეტკოვამ.

ჯინის კოეფიციენტი, რომელიც 0-დან (სრული თანასწორობა) 1-მდე (მაქსიმალური უთანასწორობა) იზომება, ეკონომისტებისთვის შემოსავლის განაწილების უთანასწორობის საზომად გამოიყენება.

ევროკავშირში ყველაზე მაღალი ჯინის კოეფიციენტი ბულგარეთს აქვს – 0,384, ხოლო ყველაზე დაბალი უთანასწორობა სლოვაკეთში ფიქსირდება – 0,217, ევროკომისიის მონაცემებით.

დიდ ეკონომიკებს შორის გერმანიის ჯინის კოეფიციენტი დაახლოებით 0,295-ს შეადგენს, საფრანგეთის – 0,30-ს, იტალიის კი – დაახლოებით 0,322-ს, რაც მიუთითებს, რომ იტალიაში შემოსავლის უთანასწორობა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე მაღალია.

თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლები ხშირად პრაქტიკულად არაფერს ამბობს მათთვის, ვინც რიცხვებთან ყოველდღიურად არ მუშაობს.

კვლევა განმარტავს, რომ აღქმის ეს დამახინჯება დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები გარშემორტყმულნი არიან საკუთარი სოციალური და ფინანსური მდგომარეობის მსგავს ადამიანებით.

სოციალური ქსელები – მეგობრები, კოლეგები და მეზობლები ერთგვარ დამახინჯებულ სარკედ იქცევა. ადამიანები ადგილობრივ გარემოზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს და ამას საზოგადოების საშუალო მდგომარეობად აღიქვამენ.

„ხშირად ვამბობთ, რომ ადამიანები მეგობრობენ და სოციალურ კავშირებს ამყარებენ მათთან, ვისაც მათნაირი სიმდიდრე აქვს… შემდეგ კი გვგონია, რომ ყველანი ერთნაირად ვცხოვრობთ და საზოგადოებაში დიდი უთანასწორობა არ არსებობს“, – განმარტავს ცვეტკოვა.

კვლევის მიხედვით, თუ ადამიანები უთანასწორობას რეგულარულად არ აკვირდებიან, ისინი პრობლემის სიმძიმეს ნაკლებად აფასებენ და შესაბამისად, იშვიათად იკავებენ პოლიტიკურ პოზიციას ან მოქმედებენ მის წინააღმდეგ.

ეკონომიკური სეგრეგაცია
კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მაღალი უთანასწორობა ყოველთვის არ გადაიზრდება მასობრივ აღშფოთებასა და პოლიტიკურ ზეწოლაში, ის არის, რომ სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანები სულ უფრო მეტად ცხოვრობენ ერთმანეთისგან განცალკევებულ სოციალურ სამყაროში.

მდიდრები ხშირად ცხოვრობენ სხვა უბნებში, სხვაგან ისვენებენ, შვილებს სხვა სკოლებში აგზავნიან და ისეთ სივრცეებში შოპინგობენ, რომლებიც ღარიბი ოჯახებისთვის მიუწვდომელია. შედეგად იქმნება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სოციალური პარალელური რეალობები, სადაც ერთმანეთის ცხოვრების დანახვის შანსი მინიმალურია.

ცვეტკოვა აღნიშნავს, რომ COVID-19-ის პანდემიის დასაწყისში ეს უხილავი საზღვრები დროებით მოიშალა. პირველ ეტაპზე გაჩნდა განცდა, რომ „ყველანი ერთად ვართ ამაში“. თუმცა ყველაფერი სწრაფად შეიცვალა.

ლოკდაუნების პერიოდში საცხოვრებელი პირობების სხვაობა აშკარა გახდა – ფართო სახლებში იზოლირებულები და პატარა ბინებში ოჯახებით ჩაკეტილები ერთსა და იმავე რეალობაში არ ცხოვრობდნენ. პანდემიამ, მისი თქმით, მკაფიოდ წარმოაჩინა, რამდენად უთანასწორო იყო ადამიანების გამოცდილება.

ამის შემდეგ, მკვლევრის დაკვირვებით, მდიდრების მხრიდან სიმდიდრის დემონსტრირება დროებით შემცირდა.

„ერთგვარი უკან დახევა იყო მდიდრების მხრიდან,“ – ამბობს ცვეტკოვა. „ახლა კი გადავდივართ ეტაპზე, როცა ისინი თითქოს აღარ ზრუნავენ ამაზე – ალბათ გარკვეული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური მოძრაობების მხარდაჭერით.“

დღეს, მისი თქმით, თვალსაჩინო სიმდიდრე ისევ ძნელად დასამალია – ხმაურიანი ვარსკვლავური ქორწილებიდან დაწყებული, უკიდურესად ელიტური დახურული ღონისძიებებით დამთავრებული, რომლებიც ფუფუნების ისეთ დონეს აჩვენებს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისგან ძალიან განსხვავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g