LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ადამიანი ვერსადროს გახდება ლიდერი, თუ მას სხვათა ერთგულება და თანადგომა არ შეუძლია” – თამარ კერძაია სტუმრად გადაცემაში „წარმატების ფორმულა“

46
tamarkerdzaia2011

2 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თამარ კერძაია სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ქალბატონო თამარ, სულ ცოტა ხნის წინ ციფრული განათლების ცენტრის შექმნაზე მუშაობდით. რამდენად გაამართლა წამოწყებამ?

– ცენტრმა 100-ზე მეტი პედაგოგი მოამზადა, რომლებიც დღეს სრულფასოვნად ახორციელებენ დისტანციური სწავლების პროგრამას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია, რადგან ასაკოვანმა ადამიანებმაც კი, რომელთაც მანამდე ელექტრონული ფოსტით არ იციდნენ სარგებლობა, რამდენიმე დღეში სრულად აითვისეს ე.წ. „ციფრული ენა“.

– რამდენად აქტიურად მუშაობდნენ მოხალისე ტრენერები?

– სწორედ მოხალისე ტრენერების – ექსპერტების და ციფრული განათლების კვალიფიციური სპეციალისტების წყალობით განხორციელდა პროექტი.

– თქვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. მართალია, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან რთულია ახალ პროექტებზე საუბარი, მაგრამ მაინც საინტერესოა რაზე მუშაობთ ახლა?

– ბედნიერი ვარ, რომ პანდემიის პირობებში სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ სოციალური პროგრამები, არამედ უფრო ინტენსიურად შევუდექით მუშაობას. პანდემიამ უამრავი ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემა შექმნა და ჩვენც სწორედ ამ კუთხით ჩავატარეთ გარკვეული ღონისძიებები. უამრავი ადვიოკატი და სტუდენტი გაერთიანდა უნივერსიტეტის სამართლებრივ ცენტრში, რომელთაც უსასყიდლოდ აღმოუჩინეს დახმარება ყველას, ვინც ან სამუშაო დაკარგა ან შრომითი კოდექსის გათვალისწინებით შეეზღუდა უფლებები. საინტერესო აქტივობები გვქონდა ბიზნეს ლიდერთა ფედერაციაშიც, როცა საერთაშორისო გადახდების ორგანიზაციასთან „ვიზასთან“ ერთად განვახორციელეთ საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის წყალობით ასობით დამწყებმა ბიზნესმენმა ქალმა გაიარა ტრეინინგი, პერსონალური ქოუჩინგი და შეძლო კრიზისის დაძლევა.

– თქვენი აზრით, რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში სრულფასოვანი განათლება?

– ბოლო წლებში მართლაც გადამწყვეტი გარდატეხა მოხდა ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროში. 2019 წელს ოფიციალურად გავწევრიანდით განათლების ხარისხის განვითარების ევროპულ ასოციაციაში, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა, რადგან ქართული უნივერსიტეტები ვალდებული გახდნენ ევროპული უნივერსიტეტების სტანდარტებით განახორციელონ სწავლება. სწორედ ამიტომ ამაღლდა ნდობა ქართული საგანმანათლებლო სისტემის მიმართ, გაიზარდა უცხოელი სტუდენტების დაინტერესება, რომელთა ინტენსიური სტუმრობა ქვეყნის ეკონონომიკაზეც დადებითად აისახა.

– პროფესიით იურისტი ბრძანდებით, რატომ გადაწყვიტეთ სამართლებრივ სფეროში საქმიანობა?

– სკოლის ასაკში მეგობართან ერთად ჯერ საგამოძიებო სცენარებს ვწერდი, თავისუფალ დროს კი, საკუთარ მცირე გამოძიებებს ვატარებდი, მოგვიანებით კი, როცა ქვეყანა ქურდული სამყაროს მძიმე გავლენას განიცდიდა, პირველი კოდექსი დავწერე ქურდულ კანონებზე. ასე რომ, იურისპრუდენცია ბავშვობიდან მიტაცებდა. უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე გერმანიაში, სადაც ჯერ ადვოკატად ვმუშაობდი, მერე მოსამართლის გამოცდები ჩავაბარე.

– ლიდერული თვისებები როდის აღმოჩინეთ საკუთარ თავში?

– ვფიქრობ, ლიდერობა გენეტიკური თვისებაა, თუმცა ნებისმიერ თვისებას დაუღალავი შრომა სჭირდება სრულად განვითარებისთვის. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი ვერსადროს გახდება ლიდერი თუ მას სხვათა ერთგულება და თანადგომა არ შეუძლია.

– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად?

– მრავალი პროფილით ვითარდები, ამიტომ მიზნებიც მრავალფეროვანი მაქვს. ერთის მხრივ, ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას ვცდილობ, მეორეს მხრივ კი, ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურად დახვეწას და ევროპულთან დაახლოვებას. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

– ყველაზე მეტად რომელი პროექტით ამაყობთ?

– სიმართლე ვთქვა, არასდროს მიმუშავია გამართულ პროექტსა ან ორგანიზაციაში. ყოველთვის ნულიდან ვიწყებ შენებას, ამიტომ ყველა იმ პროექტი ვამაყობ, რომელიც ჯგუფთან ერთად შევქმენი და დავაყენე ფეხზე.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის იმიჯი და ვიზუალური მხარე?

– როცა მუდმივად ფორმაში ყოფნით სხვების მოტივირებასაც ახერხებ, ერთგვარი პასუხისმგებლობა გიჩნდება, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდე.

– რა პრინციპით ირჩევთ თანამშრომლებს?

– გააჩნია განვითარების რა ეტაპზეა ორგანიზაცია. თუ სწრაფადაა შედეგი მისაღწევი, მაშინ  პროფესიონალიზმი გადამწყვეტია, განვითარებულ კომპანიაში კი, ყოველთვის მოიძებნება ადგილი, დამწყები, ნაკლებად პროფესიონალი თანამშრომლისთვის, რომელიც სრულად გამოავლენს პოტენციალს და აიმაღლებს კვალიფიკაციას.

– რა პროფესიას ანიჭებენ უპირატესობას თანამედროვე სტუდენტები?

– სამწუხაროდ, აბიტურიენტები მეტწილად იმ პროფესიებს ირჩევენ, რომელთა მოთხოვნა ნაკლებია შრომის ბაზარზე. ვფიქრობ, აუცილებელია დავეხმაროთ ახალგაზრდებს კარიერულ ორიენტაციაში, რათა სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– პირველ რიგში საკითხია გასათვალისწინებელი, თუმცა მეტწილად მაინც სწრაფად მიწევს გადაწყვეტა.

ბლიცკითხვები:

– ევროპის უნივერსიტეტის სლოგანი?

– „განათლება, რომელიც ქმნის მომავალს!“

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „გმადლობთ!“

– ადამიანის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ?

– ძალიან მაღიზიანებს სიახლეების და ინოვაციების მიუღებლობა.

– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?

– ძალიან მიყვარს ყვავილები.

– სპორტის რომელ სახეობას ანიჭებთ უპირატესობას?

– მეტწილად დარბაზში ვვარჯიშობ, თუმცა ძალიან მომწონს ცეკვა და ფეხით სიარული.

– რა მიგაჩნიათ განტვირთვის საუკეთესო საშუალებად?

– მთავარია განტვირთვის დრო და საშუალება მქონდეს.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ძალიან მიყვარს კარგი ადამიანების „შეგროვება“.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩეველად?

– მამას.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– თუ ადამიანი შრომისმოყვარე და მიზანდასახული იქნება, ყოველთვის შეინარჩუნებს პოზიტივს და ადამიანურობას, მაშინ ყველაფრს მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები