თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანას და მის მძღოლს საქმეში არა მხოლოდ ლადო გრიგალაშვილი, არამედ კიდევ ერთი მოწმე ასახელებს. ადვოკატი პროკურატურის მოთხოვნას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, დაეთანხმა და აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე გრიგალაშვილთან მიმართებაში, რადგან მან „ბე-ემ-ვეს“ მძოლი დაინახა, თუმცა ის გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს.
მისივე განმარტებით, გამოძიებას დანაშაულის იარაღი არ ამოუღია.
როგორც ოტიაშვილმა განაცხადა, დანა, რომელიც საქმის მასალებში დევს, ლადო გრიგალაშვილის მამის საკუთრებაა, რომელიც მამამისის მანქანიდან ამოიღეს. მისივე თქმით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დანაშაული სწორედ ამ დანითაა ჩადენილი.
“რაც შეეხება მესიჯებს და ზარებს, ისინი საერთოდ არ არის დათვალიერებული და ამოღებული, რადგან როდესაც ლადო თავის შეყვარებულს უგზავნიდა მესიჯებს, გოგონა შლიდა მას, რათა მშობლებს არ ენახათ. თუმცა, შემდგომ უკვე გამოძიებაში ჩვენ მოვითხოვთ, რომ დადგინდეს ამ მესიჯების შინაარსი. შესაძლებელია, რომ ექსპერტიზამ უკვე წაშლილი მესიჯები აღადგინოს. არანაირი მუქარისშემცველი მესიჯები არ ყოფილა”, – განაცხადა ადვოკატმა.
ნაირა ოტიაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დაეთანხმა დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. “საქმეში ფიგურირებს უცხო ავტომანქანა, “ბე ემ ვე”, დაუდგენელი მძღოლით, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. მე არ გამოვრიცხავ და არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს, რომ თავად ლადოს შეიძლება ანალოგიური საფრთხე დაემუქროს. აქედან გამომდინარე დავეთანხმეთ პატიმრობას”, – განაცხადა ოტიაშვილმა.