სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა და სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
დღეს კი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, სააკაშვილი მონაცემების მიცემაზე უარს იტყვის.
ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება მონაცემებს ცუდად იყენებს და ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს, რაც დაუშვებელია:
“საავადმყოფოში გადაყვანაზე და მედიკოსების ჩარევაზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცვლელია, ის უარს აცხადებს ექიმების ჩართულობაზე მისი ცუდად გახდომის შემთხვევაში.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ჩაის და წყალს სვამს.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ კიდევ მოხდება მსგავსი რამ, მონაცემების მიცემაზე უარს იტყვის ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულება ამას იყენებს ცუდად, ავრცელებს მის პერსონალურ მონაცემებს, რაც დაუშვებელია.” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.