მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თუ დეპუტატებს გორის ჰოსპიტალში არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას შეწყვეტს. ბასილაიას თქმით, ამაზე სააკაშვილს მკაფიო პოზიცია აქვს.
აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ ამაში არ იგულისხმება შიმშილობის ხელახლა დაწყება.
„ბოლო დღეების განმავლობაში, დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმება წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.