ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაო ქონებით უზრუნველყო – აღნიშნული ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.
ადვოკატის განცხადებით, გირაოს უზრუნველყოფა მოხდა მოსეშვილის #10-ში მდებარე, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებით, რომელშიც ის ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
„როგორც იცით აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდა გირაო ერთი მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესატანად. ამ გირაოს დაფარვა თანხით არ მომხდარა. მისი სახლი, მოსეშვილის #10-ში, სადაც ის თავად ცხოვრობს ოჯახით, აუდიტმა შეაფასა. ეს უძრავი ქონება შეფასდა მილიონზე მეტად და სწორედ ეს ქონება ჩაიდო. კანონი ითვალისწინებს ამას. შესაძლებელია როგორც თანხით, ასევე ქონებით იქნას უზრუნველყოფილი. ეს დათქმა პროკურატურამ შეიტანა სასამართლოში და განჩინებაში მიუთითა.
ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ უწევს, ის კანონმორჩილი ადამიანია. არც ქვეყნის დატოვებას აპირებს და მზად არის თუ გამოძიებას ექნება რაიმე კითხვა, უპასუხოს. თუმცა ამ ეტაპამდე, გარდა იმ ჩვენებისა, რომელიც მისცა ბრალის წარდგენის დროს, მისთვის არ დაუსვამთ კითხვა, გამოკითხული არ ყოფილა“,- უთხრა ლილი გელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
