საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბარი 2 თვით შეეზღუდა. სახდელი სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს, მისი მხრიდან სამედიცინო აპარატურის დაზიანების გამო დაეკისრა.
ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძე აცხადებს.
თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმალურია, რადგან ექსპრეზიდენტს ტელეფონით სარგებლობის უფლება აქამდეც არ ჰქონდა.
“წუხელ გვიან ღამით გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი სახდელი არ იყო გამოყენებული პრეზიდენტის წინააღმდეგ და უბრალოდ უფლების გასაცნობად შევიდნენ თანამშრომლები გორის ჰოსპიტალში.
თუმცა უკვე დღეს მე ვიმყოფებოდი გლდანის მე-18 დაწესებულებაში, სადაც გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის რამდენიმე დებულება, მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით”,- ამბობს ადვოკატი.
თუთბერიძე ამბობს, რომ ეს სახდელი რომელიც სააკაშვილს დაეკისრა არის უკანონო, რადგან არ არის გათვალისწინებული გარემოებები, თუ რა სახით მოხდა ექსპრეზიდენტის გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში.
„განკარგულება, რომლითაც სახდელი დაეკისრა პრეზიდენტს, არის სრულიად დაუსაბუთებელი და ცხადია უკანონო, იმდენად რამდენადაც მას არ აქვს არავითარი არგუმენტაცია და იმდენად, რამდენადაც მასში არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული.
კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული, მიზეზი, თუ რატომ ჰკრა მიხეილ სააკაშვილმა ხელი ამ აპარატს, მიზეზი გახლავთ ის, რომ ის გაიტაცეს და მოეპყრნენ არაადამიანურად. ის შეათრიეს კამერაში და ბუნებრივია, მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია, როდესაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს მისგან იძულებით რაღაც ტესტების თუ ანალიზების აღება”, – თქვა თუთბერიძემ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს, შესაძლოა, ვერ დაესწროს.