“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატს, ბექა ბასილაიას კორონავირუსი დაუდასტურდა, ბექა ბასილიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გამომივლინდა სიმპტომი (ხველა), დღეს დილით (23.04) PSR-მა დადებითი აჩვენა. ორშაბათიდან ვისთანაც კონტაქტი მქონდა, მგონი ყველას პირადად შევატყობინე. როგორც ამიხსნეს, მცირე ალბათობით არის შანსი, რომ წინა კვირაშიც გადამდები ვყოფილიყავი.
სამწუხაროდ წინა კვირის კონტაქტებთან პირადად შეხმიანებას უბრალოდ ვერ შევძლებ (ჯერ ნიკას პროცესი იყო, შემდეგ გიო მუმლაძის) უამრავ ადამიანს შევხვდი და მივესალმე, თითქმის ყველანი სავარაუდოდ მეგობრებში მეყოლებით, ამიტომ ვდებ ამ პოსტს, ინფორმირებისთვის. ბოდიშს გიხდით, დისკომფორტისთვის, იმედია არავის აღმოგაჩნდებათ, მართლა ძაან მაწუხებს, რომ შეიძლება ვინმესთვის გადამედო. პ.ს. ჯერჯერობით სიცხე ან რაიმე გართულება არ მაქვს”,- წერს ბასილაია.
გავრცელებული ინფორმაციით, ტემპერატურის მატება აღენიშნება ნიკა მელიასაც.
როგორც „ფორტუნა“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მიმდინარე წლის 23 აპრილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ადვოკატს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა ბრალდებულ ნ.მ-თან.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ადვოკატი ბექა ბასილაია, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულ ნ.მ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 19 აპრილს შეხვდა. ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეხვედრა, მინის ბარიერის მიღმა, კოვიდრეგულაციების წესების სრული დაცვით განხორციელდა.
შესაბამისად, მისი ვირუსით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, ბრალდებულს შეეთავაზა სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც უარი განაცხადა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ტემპერატურის მატება აღენიშნება , სიმართლეს არ შეესაბამება.
ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. მედპერსონალისადმი რაიმე ჩივილების წარდგენის შემთხვევაში ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პენიტენციურ დაწესებულებაში.