LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აფბა” ონლაინ-თამაშების მკაცრ რეგულაციას ითხოვს

48

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ონლაინ-თამაშების მკაცრ რეგულაციას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე აფბა-ს ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ განაცხადა, ორგანიზაცია აზარტული თამაშების რეგულირების კონცეფციაზე მუშაობას იწყებს.

კუკულაძე მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების საკითხი პრობლემატურია არა მარტო სოციალური ან ზოგადად ემოციური ასპექტით, არამედ წმინდა ეკონომიკური კუთხითაც.

ასოციაციის პოზიციით, მკაცრი რეგულაციები, პირველ რიგში, ონლაინ–თამაშებზე უნდა დაწესდეს.

„ზოგადად, აზარტული თამაშები არის გართობისა და მომსახურების სფეროს ნაწილი. ონლაინ–თამაშების მაქსიმალური ხელისაწვდომობის გაზრდით და წახალისებით, აზარტული თამაშების, როგორც პროდუქტის აღქმა ხდება არასწორად. ამ პროდუქტით სარგებლობს ეკონომიკაში არსებული ისეთი სეგმენტი, სადაც ამ პროდუქტზე არ არსებობს რეალური მოთხოვნა, ამ ტერმინის ეკონომიკური გაგებით. ანუ, ამ პროდუქტს საზოგადოება აღიქვამს, როგორც ფულის შოვნის საშუალებას და შემოსავლის წყაროს და არა როგორც გართობას, რომელშიც ჩვეულებრივად იხდის ფულს. ანუ, ხდება ისეთი მოხმარების წახალისება, რომელზეც რეალური მოთხოვნა არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა, თავის მხრივ, იწვევს როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ პრობლემებს”, – განაცხადა ზურა კუკულაძემ.

აფბას ანალიტიკოსის განცხადებით, აღნიშნული თამაშების წახალისებას ეკონომიკაში ნულოვანი ფისკალური და ეკონომიკური ეფექტი აქვს.

„სათამაშო ბიზნესი სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, ანუ ეს სფერო ბიუჯეტში იხდის მხოლოდ მოსაკრებლებს (5 წელიწადში ერთხელ), ხოლო ონლაინ–თამაშების ორგანიზებისთვის დამატებითი გადასახადები არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ონლაინ–თამაშების ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს, ანუ ონლაინ–თამაშებიდან ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის. ვინაიდან აზარტული თამაშები ონლაინ–სივრცეში მაქსიმალურად ადაპტირებული გახდა, გაიზარდა მისი ხელმისაწვდომობა. ეს ნიშნავს, რომ ამ სექტორში გადადის ისეთი ფინანსური რესურსები, რომელიც, ჩვეულებრივ შემთხვევაში, ბიზნესის სხვა სექტორებში წავიდოდა“, – აცხადებენ ასოციაციაში.

ასოციაციაში ამბობენ, რომ აზარტული თამაშების რეგულაციების კონცეფციაზე მუშაობენ და კონკრეტულ წინადადებებს საზოგადოებას, დააახლოებით, 20 დღეში შესთავაზებენ. აფბა დარგის განვითარების სრულ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარმოადგენს, რომელსაც აუცილებლად მიეცემა საკანონმდებლო ინიციატივის სახე.

„მიმდინარე ეტაპზე, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ძირითადი ინიციატივები შეეხება მოთამაშის მკაცრ იდენტიფიკაციას, წაგების ლიმიტების დაწესებას, მოთამაშეთა ერთიანი ბაზისა და სისტემაში ფულის მოძრაობის გამჭვირვალე სისტემის შექმნას“, – ამბობს ზურა კუკულაძე.

სტატისტიკური მონაცემებით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ონლაინ–თამაშები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამას დასტურებს სათამაშო ბიზნესის ბრუნვების ზრდის ტემპის შესახებ ოფიციალური მონაცემები, – 2011 წელი –  366 მილიონი ლარი, 2012 წელი – 996 მილიონი ლარი, 2013 წელი – 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი – 2.032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით – 1.353 მილიარდი ლარი.ასოციაციის მიერ ჩატარებული მოკვლევით, მხოლოდ ონლაინ–თამაშებში ყოველდღიურად საქართველოს 400 000 მოქალაქეა ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g